დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 03.07.2006
საქმის ნომერი
ას-18-469-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-18-469-06 3 ივლისი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ძ- ... საკრებულოს და ... ი- ბიუროს მიერ გაცემული ცნობების ბათილად ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. გ-შვილმა 2004წ. ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ო. გ-შვილის, ნ. გ-შვილის, ძ- ... საკრებულოს, ... ი- ბიუროსა და ... ბიუროს მიმართ და მოითხოვა ძ- საკრებულოს მიერ 1999წ. 6 დეკემბერს გაცემული ¹480 ცნობის, გორის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000წ. 28 თებერვალს გაცემული ¹147 ცნობის და 2000წ. 4 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, იგი 1995წ. 1 სექტემბრიდან ირიცხება ო. და აწ გარდაცვლილი შ. გ-შვილის კომლის წევრად. ძ- საკრებულომ 1999წ. 6 დეკემბერს გასცა არასწორი ცნობა ¹490 და იგი არ მოიხსენია როგორც კომლში ჩაწერილი წევრი. ზემოაღნიშნული ¹490 ცნობის თანახმად ტექბიუროს მიერ გაიცა ცნობა ¹147, სადაც მოსარჩელე მოხსენიებული არ არის, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მისი თანხმობაც არავის მოუთხოვია. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ცნობების საფუძველზე 2000წ. 4 მარტს შ. და ნ. გ-შვილებს შორის კანონის დარღვევით არის დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. გ-შვილის სარჩელი მოპასუხე ო. გ-შვილის, ნ. გ-შვილის, ძ- ... საკრებულოს ტექინვენტარიზაციის ბიუროსა და ნოტარიუს გოგიაშვილის მიმართ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ¹490 ცნობის, ძ- საკრებულოს ¹480 ცნობის და შ. გ-შვილსა და ნ. გ-შვილს შორის 2000წ. 4 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი გორის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000წ. 28 თებერვალს გაცემული ცნობა დახასიათება, ძ- ... საკრებულოს 1999წ. 6 დეკემბრის ¹490 ცნობა და 2000წ. 4 მარტს შ. გ-შვილსა და ნ. გ-შვილს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ყველა თანმხლები შედეგით.

ნ. გ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტს გაშვებული აქვს სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2004წ. 16 თებერვლიდან, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აპელანტს ამოეწურა 2004წ. 1 მარტის 24 საათისათვის და სსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. გ-შვილის წარმომადგენელმა ა. მუმლაძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გორის რაიონულმა სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნა. მოპასუხე ნ. გ-შვილს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია, რადგან სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე ის დიდი ხანია არ ცხოვრობს. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო უწყებაზე ფოსტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული წარწერა. სასამართლომ მისი და სხვა მოპასუხეების გამოუცხადებლობის მიუხედავად მაინც განიხილა მოცემული საქმე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არასწორია გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მოსაზრება, რომ ნ. გუილისაშვილს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005წ. 15 თებერვალს. მისი მითითებით, გადაწყვეტილების ასლი კონვერტის გარეშე სასამართლომ გადასცა საფოსტო განყოფილებას ნ. გ-შვილზე გადასაცემად. მიმართვის ქსეროასლიდან ირკვევა, რომ ნ.გ-შვილი ღებულობს როგორც გადაწყვეტილებას, ასევე, სხვა სარჩელსა და სხვა მტკიცებულებებს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ არსებობს საქმეში ნ.გ-შვილზე გადაცემული გადაწყვეტილების დამადასტურებელი საბუთის ორიგინალი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ გარემიოებას, რომ ნ.გ-შვილი საქმეში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, ადასტურებს, ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს საბურთალოს კურიერის მიერ შედგენილი აქტიც. მისი მითითებით აპელანტმა ნ.გ-შვილმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2005წ. 18 აპრილს გორის რაიონული სასამართლოს შენობაში, რაზეც ხელმოწერა გააკეთა სუფთა ფურცელზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2005წ. 28 აპრილს სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის სრული დაცვით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-შვილის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 იანვრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2005წ. 15 თებერვალს, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2005წ. 28 აპრილს. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2005წ. 18 აპრილს, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით ვერ დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა კერძო საჩივარში დაუსაბუთებელია და სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ა. მ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. გ-შვილმა გორის რაიონული სასამარლოს 2005წ. 10 იანვრის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2005წ. 15 თებერვალს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. მან კი სააპელაციო საჩივარი 2005წ. 28 აპრილს წარადგინა სასამართლოში, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გორის რაიონული სასამარლოს 2005წ. 10 იანვრის გადაწყვეტილების ასლი მას არ ჩაბარებია 2005წ. 15 თბერვალს, არამედ ჩაბარდა 2005წ. 18 აპრილს და შესაბამისად სსკ-ის გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვით შეიატანა სააპელაციო საჩივარი, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 20 დეკემბრის სხდომაზე ნ.გ-შვილი თავად აღიარებს, რომ საქმეში შესრულებული ხელმოწერა მისია, საკასაციო პალატას ასევე დაუსაბუთებელად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის ნ. გ-შვილის წარმომადგენელი ა.მ-ძის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2005წ. 18 აპრილს, რადგან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა უნდა აითვალოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარების მეორე დღიდან _ 2005წ. 16 თებერვლიდან, მხარეს კი სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს 2005წ. 28 აპრილს, ანუ 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან ნ. გ-შვილს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში ბინის მისამართად თავად აქვს მითითებული ქ. თბილისი, ..., ¹19/27. სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუმდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინებით სწორად იქნა დატოვებული განუხილველად ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი, ნ. გ-შვილის წარმომადგენელი ა.მუმლაძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ა. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.