დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-204-623-06 ას-204-623-06 25 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ხ-ვამ 2002წ. ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს „ქ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ხ-ვას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ზ. ხ-ვამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი; ზ. ხ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხე, სააქციო საზოგადოება „ქ-ტს“ მოსარჩელე ზ. ხ-ვას სასარგებლოდ დაეკისრა 419,83 ლარი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ზ. ხ-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 4 ივნისის განჩინებით ზ. ხ-ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება.
ზ. ხ-ვამ 2005წ. 18 ივლისს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სსკ-ის 421-ე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტისა და მე-3 ნაწილის, 424-ე და 426-ე მუხლების საფუძველზე. ზ.ხინგავამ განცხადებაში მიუთითა, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში არ მოუთხოვია სს «ქ-ტის» ბრძანებების ბათილად ცნობა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ისეთ საკითხზე, როგორიცაა 1996 წლიდან ყოველწლიურად ხელფასის დაგვიანებით გაცემის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, 1999წ. სექტემბრიდან 2004წ. 12 იანვრამდე უკანონოდ გაშვებულ უხელფასო შვებულებაზე და მიუღებელ ხელფასზე. გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არასწორადაა მითითებული, რომ სს «ქ-ტის» 1996წ. 26 თებერვლის ¹5კ ბრძანებით, საწარმოს ყველა მუშაკისათვის ხელფასის თვიური ანაზღაურება დადგინდა 50%-ის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 სექტემბრის განჩინებით ზ.ხ-ვას 2005წ. 18 ივნისის განცხადება ცნობილ იქნა ხარვეზიანად და მოსარჩელეს მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. განცხადების ავტორს განემარტა, რომ სასამართლო მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებით ზ. ხ-ვას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთასის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ზ.ხინგავამ არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 9 სექტმბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, კერძოდ არ მიუთითა, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი ის გარემოებები, რის საფუძველზეც ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას და რომ დაცული იყო განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 427-427 მუხლების გათვალისწინებით განუხილველად დატოვა ზ.ხინგავას განცხადება.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ხ-ვამ.
მოსარჩელემ თავისი კერძო საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ მის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტის შესაბამისად ერთთვიან ვადაში შეტანას ადასტურებს მის მიერ დაქირავებული ადვოკატის ორდერი; მან მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეიტყო იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ როგორ შეძლებდა 2002წ. მარტის, აპრილის და მაისის ხელფასების გაცემა, თუკი იგი სს «ქ-ტის» დირექტორის ¹7 ბრძანებით გაშვებული იყო უხელფასო შვებულებაში. ზ.ხ-ვას მოსაზრებით, დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება _ კანონიერი უფლებების დარღვევისათვის მიმართოს სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 აპრილის განჩინებით ზ. ხ-ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული და დამტკიცებული გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ხ-ვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება დანუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ასეთი განცხადება შეტანილ უნდა იქნეს იმავე კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. იმის გამო, რომ ზ. ხ-ვამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში არ მიუთითა აღნიშნული ვადის თაობაზე, ამიტომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 სექტემბრის განჩინებით, ზ. ხ-ვას განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად; განცხადების ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ ზ. ხ-ვას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ პასუხობს სსკ-ის 426-ე და 427-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «ე» პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებას არ ახლავს მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და არ ახლავს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე მითითება იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
ზ.ხინგავამ 2005წ. 3 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა რომ მას სსკ-ის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დაცული აქვს განცხადების შეტანის ვადა, რადგან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული არ არის 5 წელი. იმის გამო, რომ ზ.ხ-ვამ სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომლითაც იგი დაადასტურებდა, რომ მის მიერ დაცულია იმავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა. ამ ნორმის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ხოლო იმავე მუხლის მეოთხე ნაწილი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5წ. გასვლის შემდეგ.
სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ზ.ხ-ვას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მან მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეიტყო, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ როგორ შეძლებდა 2002წ. მარტის, აპრილის და მაისის ხელფასების გაცემას, თუკი იგი სს «ქ-ტის» დირექტორის ¹7 ბრძანებით გაშვებული იყო უხელფასო შვებულებაში. მან აღნიშნულის დამადასტურებლად მიუთითა თავისი ადვოკატის ორდერიზე, რომელიც გაცემულია 2005წ. 7 ივლისს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების განცხადებაში არ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მას დაცული აქვს სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, არ წარმოადგინა მის მიერ ამ ვადის დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულება, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებით მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სწორად იქნა განუხილველად დატოვებული და არ არსებობს ზ.ხინგავას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
z. ხ-ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.