დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-249-575-05 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ყ-მა და ფ. კ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. დ-ის მიმართ და მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის 520 ლარის დაკისრება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ყ-ისა და ფ. კ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. დ-ს დაეკისრა 520 ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. დ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვ. დ-მა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება სასამართლო სხდომის შესახებ მას ჩაბარდა დაგვიანებით.
სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 20 მაისის განჩინებით ვ. დ-ის საჩივარი მიიჩნია დასაშვებად, მიიღო წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა 2004წ. 9 ივლისს. სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის საოქმო განჩინებით ვ. დ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ვადა მიეცა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, მაგრამ მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული და ამავე სასამართლოს 2004წ. 12 დეკემბრის განჩინებით ვ. დ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის საოქმო განჩინებით ვ. დ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2004წ. 11 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე ვ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. ამავე სასამართლოს 2004წ. 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ვადა მიეცა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გაჩინების ასლი ჩაბარდა 2004წ. 28 ოქტომბერს, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 დეკემბრის განჩინებით ვ. დ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქართველოს სსკ-ის 38-ე მუხლის „თ“ პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი სადავო საგნის ღირებულების 1.5%-ის ოდენობით. მხარემ სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განჩინების ასლი ჩაიბარა 2004წ. 28 ოქტომბერს, მაგრამ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებით 2004წ. 1 დეკემბერს ვ. დ-მა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 8 ლარისა 30 თეთრის ოდენობით. გადახდილი ბაჟის ქვითარი კანცელარიის თანამშრომლის მიერ შეცდომით გადაეცა იმ მოსამართლეს, რომლის წარმოებაშიც არ იმყოფებოდა აღნიშნული სამოქალაქო საქმე. კანცელარიის გამგის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ვ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2005წ. 21 იანვარს გადაეცა საქმის განმხილველ მოსამართლეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობისათვის დროულად წარდგენის შემთხვევაშიც კი არსებობდა ვ. დ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან ბაჟის გადასახდელად დადგენილი საპროცესო ვადა ამოიწურა 2004წ. 8 ნოემბერს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი კი სასამართლოში 2004წ. 1 დეკემბერს იქნა წარდგენილი.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია ვ. დ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის საოქმო განჩინება და 2004წ. 12 დეკემბრის განჩინებან დარჩეს უცვლელად.
ვ. დ-ს დაუბრუნდეს მის მიერ მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300033114, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან სახელმწიფო ბაჟი 8 ლარისა 30 თეთრის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.