გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-504-823-05 28 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრის, ვ.ს.-ის, წარმომადგენელ ნ. ჯ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის წევრების სარჩელის გამო მოპასუხეების საქართველოს ცეკავშირის, თ.დ.-ისა და შპს კერძო არბიტრაჟ “მ.-ის” მიმართ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2002წ. 21 იანვარს კერძო არბიტრაჟის შპს “მ.-ის” საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ.დ.-ის საარბიტრაჟო პრეტენზია და იგი ცნობილ იქნა თელავის ... ბაზრის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრს დაევალა თელავის ... ბაზრის აღრიცხვა თ. დ.-ის სახელზე.
თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის თორმეტმა წევრმა სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს ცეკავშირის, თ.დ.-ისა და შპს კერძო არბიტრაჟ “მ.-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვეს 2002წ. 21 იანვრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შპს კერძო არბიტრაჟ “მ.-ის” 2002წ. 21 იანვრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრში თ. დ.-ის სახელზე თელავის ... ბაზრის აღრიცხვის თაობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის წევრებმა: ვ. ს.-მა და სხვებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრების ვ.ს.-ისა და სხვათა წარმომადგენელმა ნ. ჯ.-მა 2005წ. 24 იანვარს შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა ვ. ს.-მა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინების ასლი “ყველას მაგივრად” ბეჭედზე დაფიქსირებული თარიღის მიხედვით ჩაიბარა 2004წ. 7 აგვისტოს, თუმცა ხელმოწერასთან აღნიშნული რიცხვი გადაკეთებულია 2004წ. 7 სექტემბრად.
სსკ-ის 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო თანამონაწილეობისას თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად, ხოლო ამავე კოდექსის 87-ე მუხლით, თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96-ე მუხლით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, 2004წ. 29 ნოემბერს მოწვეულმა თელავის ... ბაზრის კოლექტივის წევრთა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოსარჩელე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით რწმუნება მისცა ვ.ს.-ს, რათა მან უხელმძღვანელოს ბაზრის ირგვლივ არსებული საკითხების მოგვარებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზემოთ ხსენებული რწმუნება გაიცა მას შემდეგ, რაც ვ.ს.-მა ჩაიბარა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინების ასლი “ყველას მაგივრად”, ამასთან, იგი არ შეესაბამება სსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის წარმომადგენლის უფლებამოსილება სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ასლის ჩაბარება მხოლოდ ვ. ს.-ის მიერ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აპელანტი მხარისათვის განჩინების გადაცმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრის, ვ.ს.-ის, წარმომადგენელ ნ. ჯ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინება და საქმე თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრის, ვ.ს.-ის წარმომადგენლის, ნ. ჯ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.