გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 13.10.2005
საქმის ნომერი
ას-674-954-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-674-954-05 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ აღდგა საერთო სარგებლობისათვის 1,5 მ. სიგანის საუბნო გზა.

გ. ჯ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გ. ჯ.-ის განცხადება, შინაარსის მიხედვით, მიიჩნია სააპელაციო საჩივრად და ჯ.-ეს დაუნიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, გ. ჯ.-ეს დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი და მიეთითებინა გადაწყვეტილების რა ნაწილს ასაჩივრებდა. გ. ჯ.-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც, 2005წ. 15 მარტის განჩინებით გ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2005წ. 12 აპრილს გ. ჯ.-ემ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომელსაც დაურთო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. სააპელაციო პალატამ 2005წ. 3 მაისის განჩინებით გ. ჯ.-ის განცხადება მიიჩნია კერძო საჩივრად 2005წ. 15 მარტის განჩინებაზე, არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ გ. ჯ.-ის განცხადება თავისი არსითა და შინაარსით არ არის კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 იანვრის განჩინებით გ. ჯ.-ეს ხარვეზის შესავსებად დაენიშნა შვიდი დღის ვადა. დანიშნულ ვადაში გ. ჯ.-ემ არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც, 2005წ. 15 მარტის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. 2005წ. 12 აპრილს საოლქო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განცხადებაში მითითებულია: „გიგზავნით 30 ლარის ჩარიცხვის ქვითარს, რაკი ის წყვეტს ყველაფერს და მომწერეთ, რას იზამთ დააბრუნებთ თუ არაფრის გულისთვის დარჩება თქვენს ანგარიშზე“.

აღნიშნული განცხადება საოლქო სასამართლომ განიხილა როგორც კერძო საჩივარი, არ დააკმაყოფილა და გადმოუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ჯ.-ის განცხადება თავისი არსითა და შინაარსით არ შეიძლება ჩაითვალოს კერძო საჩივრად, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც გათვალისწინებულია სსკ-ის 414-419-ე მუხლებით, კერძო საჩივრის განხილვა წარმოებს კერძო საჩივრის განმხილველი ზემდგომი (სააპელაციო თუ საკასაციო) სასამართლოებისათვის დადგენილი წესით (სსკ-ის 420-ე მუხლი). მითითებული მუხლები არ ითვალისწინებს, თუ რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს კერძო საჩივარი (კერძო საჩივრის შინაარსი). ასეთ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ სსკ-ის 368-ე და 396-ე მუხლებით. გ. ჯ.-ის განცხადება არ პასუხობს მითითებული ნორმების მოთხოვნებს. განცხადება არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელებას, ასევე არ არის მითითებული, კონკრეტულად რას მოითხოვს გ. ჯ.-ე. განცხადება შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გ. ჯ.-ემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი ანუ შეავსო ხარვეზი. ამდენად, გ. ჯ.-ეს არ გაუსაჩივრებია 2005წ. 15 მარტის განჩინება. აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო გ. ჯ.-ის განცხადებას ვერ განიხილავს როგორც კერძო საჩივარს.

სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს გ. ჯ.-ის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და იმ შემთხვევაში თუ დაადგენს, რომ გ. ჯ.-ემ ხარვეზი შეავსო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განცხადება უნდა დატოვოს განუხილველად, შესაბამისად, უნდა დაადგინოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინება.

მოცემული საქმე დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გ. ჯ.-ის განცხადების განსახილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.