დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.03.2006
საქმის ნომერი
ას-928-1207-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-928-1207-05 13 მარტი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.შ-ია, თ.ც-იანი, მ.ჭ-ძე, თ.ყ-ძე, ვ.ფ-იანი, ზ.ჯ-ია, ა.კ-ძე, რ.ა-ძე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ დ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «...» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «...» დირექტორმა მ. ჩ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ომან სამხარაძის, ემზარ შ-იას, მაია გულბანის, ო. ც-იანის, მ. ჭ-ძის, თ. ყ-ძის, ვ. ფ-იანის, ლუხუმ ჯ-იას, ა. კ-ძის, რ. ა-ძის, მარიამ ფირცხალავას, თ. კვიციანის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან შენობის გამოთხოვა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის ¹554 განკარგულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 23 მაისის ¹1-3/362 ბრძანების საფუძველზე 2003 წლის 12 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით შპს «საქავიამშენმა» ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დროებით სარგებლობაში გადასცა ავტოფარეხის ადმინისტრაციის ორსართულიანი შენობის 500 კვ.მ ფართი. მაგრამ ამ ფართის ნაცვლად მოპასუხეებმა უნებართვოდ დაიკავეს ცენტრალური ადმინისტრაციის შენობა, რამაც გამოიწვია საზოგადოების შემდგომი საქმიანობის შეფერხება. მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად მოპასუხეები უარს აცხადებენ შეთანხმებით გამოყოფილ ფართში ნებაყოფლობით გადასვლის თაობაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ავტოფარეხის ადმინისტრაციის შენობა ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისი.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს «...» დირექტორის მ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ემზარ შ-ია, ო. ც-იანი, მ. ჭ-ძე, თ. ყ-ძე, ვ. ფ-იანი, ზ. ჯ-ია, ა. კ-ძე და რ. ა-ძე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ შპს «...» ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, აეროდრომის დასახლებაში მდებარე ცენტრალური ადმინისტრაციული შენობიდან.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ემზარ შ-იას, ო. ც-იანის, მ. ჭ-ძის, თ. ყ-ძის, ვ. ფ-იანის, ზ. ჯ-იას, ა. კ-ძისა და რ. ა-ძის წარმომადგენელმა დ. გ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის შემომტან პირებს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის – თითოეულს 30 ლარის (სულ 240 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრათ ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. მითითებული განჩინებით მათვე განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი. ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული.

აპელანტების წარმომადგენელმა დ. გ-შვილმა 2005 წლის 24 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი მარწმუნებლების, როგორც აფხაზეთიდან დევნილი პირების, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით ემზარ შ-იას, ო. ც-იანის, მ. ჭ-ძის, თ. ყ-ძის, ვ. ფ-იანის, ზ. ჯ-იას, ა. კ-ძისა და რ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების წარმომადგენლის დ.გ-შვილის განცხადება უსაფუძვლოა, რადგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს აფხაზეთიდან ლტოლვილი პირების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.

აპელანტების წარმომადგენელმა დ.გ-შვილმა 2005 წლის 10 ივნისს წარმოადგინა თითოეული აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 15-15 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და განცხადებით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება და სრული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება. მან სასამართლოს განუმარტა, რომ აპელანტი ვ.ფ-იანი მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს მთლინობისათვის საბრძოლო ოპერაციებში და კანონის შესაბამისად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აპელანტების წარმომადგენელის მითითებით, აპელანტები არიან იძულებით გადაადგილებული პირები და სრული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ემზარ შ-იას, ო. ც-იანის, მ. ჭ-ძის, თ. ყ-ძის, ვ. ფ-იანის, ზ. ჯ-იას, ა. კ-ძისა და რ. ა-ძის წარმომადგენელმა დ.გ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო პალატის 10 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდა 2005 წლის 25 მაისს, ხოლო მის მარწმუნებლებს _ უფრო გვიან. ვინაიდან მისი მარწმუნებლები არიან აფხაზეთიდან დევნილები და თავს ირჩენენ სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული დახმარებით, მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, მათი შუამდგომლობის შედეგები არ ეცნობათ. შემდგომში სააპელაციო საჩივარი განუხილველად რომ არ ყოფილიყო დატოვებული წარმოადგინეს 15-15 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობის გადახდის განაწილვადება. ამ შუამდგომლობის განხილვის შედეგი მათ არ ეცნობათ, 2005 წლის 20 ივნისს კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აპელანტებს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის განჩინებით ე.შ-იას, ო. ც-იანის, მ. ჭ-ძის, თ. ყ-ძის, ვ. ფ-იანის, ზ. ჯ-იას, ა. კ-ძისა და რ. ა-ძის წარმომადგენლის დ.გ-შვილის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შევსების ვადა დამთავრდა 2005 წლის 6 ივნისს, აპელანტების წარმომადგენელმა დ.გ-შვილმა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდისა და დარჩენილი ნაწილის გადახდის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისს, ე.ი. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ და სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ეს განცხადება არ განიხილა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადებით აპელანტების წარმომადგენელი არ მოითხოვდა ქონებრივი მდგომარეობის გამო აპელანტების გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამიტომ სასამართლომ დამოუკიდებლად არ იმსჯელა ამ შუამდგომლობაზე და ვერც შედეგს აცნობებდა მათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ემზარ შ-იას, ო. ც-იანის, მ. ჭ-ძის, თ. ყ-ძის, ვ. ფ-იანის, ზ. ჯ-იას, ა. კ-ძისა და რ. ა-ძის წარმომადგენლის დ.გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განესაზღვრათ ვადა მის გამოსასწორებლად (ს.ფ. 76). ზემოთხსენებული განჩინება აპელანტებს: მ.ჭ-ძეს, ე.შ-იას, ო.ც-იანს, თ.ყ-ძეს. ა.კ-ძეს, ზ.ჯ-იას, ვ.ფ-იანს ჩაბარდათ 25 მაისს, ხოლო რ.ა-ძეს ჩაბარდა 24 მაისს (ს.ფ. 86-93). საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელ დ. გ-შვილზე გადასაცემად ჩაიბარა დ.იაკობიძემ 2005 წლის 17 მაისს (ს.ფ. 85), მაგრამ აპელანტებმა ხარვეზი არ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მხოლოდ 2005 წლის 10 ივნისს წარმოადგინეს 15-15 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადება, რომლითაც მოითხოვეს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება (ს.ფ. 98). თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ს.ფ. 95-97), რომელიც კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტების წარმომადგენელმა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან 2005 წლის 24 მაისს სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, რადგან აპელანტები კანონის თანახმად გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და სასამართლომ არ აცნობა ამ შუამდგომლობის შედეგები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეების წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებლები აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირები არიან (ს.ფ. 73). ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა 2005 წლის 24 მაისის განცხადებაში სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების იგივე საფუძველი მიუთითა, რომელიც სასამართლომ არ ჩათვალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად და ამის გამო ხარვეზის შევსების თაობაზე მისცა ვადა, ამიტომ სააპელაციო პალატამ 2005 წლის 9 ივნისის განჩინებაში სწორად მიუთითა, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია პირთა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ჩამონათვალში არ არის მოხსენიებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «პ» ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები მხოლოდ საჩივრებზე მათი იძულებით გაადადგილებულ პირად და ლტოლვილად არცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და შესაბამისად ეს ნორმა გამოყენებული ვერ იქნება.

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების მიღების შემდეგ, ე.ი. 2005 წლის 9 ივნისის შემდეგ მათ 2005 წლის 10 ივნისს სასამართლოს წარუდგინეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ (15 ლარის) გადახდის ქვითარი და განცხადებაში მათმა წარმომადგენელმა დ.გ-შვილმა მიუთითა, რომ აპელანტი ვ.ფ-იანი გათანაბრებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით ე.შ-იას, თ.ც-იანის, მ.ჭ-ძის, თ.ყ-ძის, ვ.ფ-იანის, ზ.ჯ-იას, ა.კ-ძის და ა-ძის წარმომადგენლის დ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული და მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.ჭ-ძის, ე.შ-იას, ო.ც-იანის, თ.ყ-ძის, ა.კ-ძის, ზ.ჯ-იას, ვ.ფ-იანის და რ.ა-ძის წარმომადგენლის დ.გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.