ბათილად ცნობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-649-ბ-12-05 ას-649-ბ-12-05 19 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ბურჯანაძე ცნობილ იქნა ა. ფ-ის მემკვიდრედ და ქ.თბილისში, ... მესაკუთრედ. ნ. დ-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.
ნ. დ-ის ადვოკატმა უ. დ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ მოსამართლეები დაინტერესებული იყვნენ საქმის შედეგით და ისინი მოვალე იყვნენ, განეცხადებინათ თვითაცილება. მათ მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ნ.დავითურის ადვოკატის პირად საქმეზე, რა დროსაც მის მიმართ განზრახ დანაშაულებრივი მოქმედებით დაარღვიეს კანონები. თავიანთი დანაშაული მოსამართლეებმა დაადასტურეს მისი მარწმუნებლის - ნ.დ-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებითაც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა უ. დ-ის განცხადება და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს იმ მოსამართლეს, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში (სსკ-ის 29-ე მუხ.), ასევე იმ მოსამართლეს, რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში ან გადაყენებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. მოცემულ საქმეზე ასეთ შემთხვევას ადგილი არა აქვს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ნ.დ-ის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე მოსამართლეებს, ასევე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული მისი ადვოკატის პირადი საქმის განხილვაში, ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან კანონი ასეთ შემთხვევებში არ კრძალავს ერთისა და იმავე მოსამართლეების მონაწილეობას. ამდენად, მოსამართლეებს უფლება ჰქონდათ, მიეღოთ მონაწილეობა ნ. დ-ის საქმის განხილვაში.
სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან, თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
მითითებული ნორმის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დამტკიცებული იქნება მოსამართლეების დანაშაულებრივი ქმედება ამ საქმეზე, ვინაიდან, არ არსებობს ამ საქმეში მონაწილე მოსამართლეების მიმართ განაჩენი, ასევე განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსამართლეები დაინტერესებული იყვნენ ამ საქმის შედეგით, უ.დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.