უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-349-ბ-26-06 19 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ა-იანმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს „ქ. ქ-ის“ დირექტორ ა. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მორალური ზიანის - 5000 ლარისა და ქონებრივი ზიანის - 6000 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ თავისი სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ იგი 1958 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა ცაგერის ღ-ის გაერთიანებაში სხვადასხვა მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე, 1992წ. 9 ივნისს გადაყვანილ იქნა ქ. ქ-ის ფილიალში, ღვინის საამქროში მატერიალურ პასუხისმგებელ პირად, ამავე დროს მუშაობდა ცენტრალურ ღ-ის ქარხანაში სამაცივრო საამქროს უფროსად. მის მიერ დამონტაჟებულია ყურძნის მიღება-გადამუშავების საამქრო, რისთვისაც შეტანილ იქნა სხვადასხვა დანადგარები. ბოლო პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. 2002წ. 17-19 ივლისს მან მიიღო შრომის წიგნაკის ქსეროასლი, რომელშიც ჩანაწერი მისი სამუშაოდან დათხოვნაზე არ არსებობდა. ამავე დროს ჩაჰბარდა 1998წ. 25 აგვისტოს ¹7 ბრძანება, საიდანაც შეიტყო, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ჯ. ა-იანი აღდგენილ იქნა სს „ქუთაისის ღ-ის ქარხანაში“ უფროსი მეღვინე ოსტატის თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით, რაც შეადგენს 660 ლარს; სს „ქუთაისის ღ-ის ქარხანას“ დაეკისრა ჯ. ა-იანს დაუბრუნოს კუთვნილი დაზგა-დანადგარები „ცდგ-20“ 1 ცალი; ყურძნის პრესი ტ-1 კპ 20-20 – 1 ცალი; დურდოს სატუმბი (ბლანშერი) – 1 ცალი; ყურძნის საზიდი ლითონის ძარა – 2 ცალი; კომპრესორის ავტომატიკა – 2 კომპლექტი; სატუმბი ვერტიკალური ქმედების ჟ-6-1 ცალი: სატუმბო ვნ-10 ცენტრალური ქმედების – 1 ცალი; მორალური ზიანის - 5000 ლარისა და ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე სს „ქ. ქ-ის“ დირექტორმა ა. ა-ძემ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ჯ. ა-იანმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სს „ქ. ქ-ისა“ და ჯ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს „ქუთაისის ღ-ის ქარხანას“ დაევალა ჯ. ა-იანს დაუბრუნოს მისი კუთვნილი დაზგა-დანადგარები: ცდგ-20-1 ცალი; ყურძნის პრესი ტ-1 ვპ 20-20-1 ცალი; დურდოს სატუმბი (ბლანშერი) – 1 ცალი; ქურძნის საზიდი ლითონის ძარა 2 ცალი, კომპრესორი ავტომატიკა – 2 კომპლექტი, სატუმბი ვერტიკალური ქმედების ჟ-6-1 ცალი; სატუმბი ვნ-10 ცენტრალური ქმედების – 1 ცალი, აგრეთვე, სს „ქუთაისის ღ-ის ქარხანას“ დაევალა, რომ ჯ. ა-იანს აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალი 61 677 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა ჯ. ა-იანის სასარგებლოდ ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯები 400 ლარი, ადვოკატის მომსახურების -1000 ლარი და ჯ. ა-იანის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 735 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჯ. ა-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს „ქ. ქ-ის“ დირექტორმა ა. ა-ძემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ნოემბრის განჩინებით სს „ქ. ქ-ის“ დირექტორის - ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველისახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
შპს „ღ-ის სახლის“,წარსულში სს „ქ. ქ-ის“, დირექტორმა ა. ა-ძემ 2006წ. 15 თებერვალს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
განცხადების ავტორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინება, ხარვეზის შევსების შესახებ, საზოგადოებას არ ჩაბარებია. მათთვის თავის დროზე ცნობილი რომ ყოფილიყო განჩინების თაობაზე, შეავსებდნენ ხარვეზს და მათი საკასაციო საჩივარი განუხილველი არ დარჩებოდა, ამიტომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 29მარტის განჩინებით შპს „ღ-ის სახლის“დირექტორ ა.ა-ძის განცხადება საკასაციო პალატის 2005წ. 28 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების განხილვის, განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ნოემბრის განჩინებით სს „ქ. ქ-ის“ დირექტორის - ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველისახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
შპს „ღ-ის სახლის“,წარსულში სს „ქ. ქ-ის“, დირექტორმა ა. ა-ძემ 2006წ. 15 თებერვალს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
განცხადების ავტორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინება, ხარვეზის შევსების შესახებ, საზოგადოებას არ ჩაჰბარებია. მათთვის თავის დროზე ცნობილი რომ ყოფილიყო განჩინების თაობაზე, შეავსებდნენ ხარვეზს და მათი საკასაციო საჩივარი განუხილველი არ დარჩებოდა, ამიტომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განცხადებაში მითითებულია, ასევე რომ საკასაციო პალატაში მიღებულ შეტყობინებაზე არსებული ხელმოწერა საზოგადოების დირექტორს ა.ა-ძესარ ეკუთვნის და იგი გაყალბებულია.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტში მითითებულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა»-»გ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
აღნიშნული ნორმა გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტის სიყალბის გამო საქმის წარმოების განახლება, მაშინაა დასაშვები, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დასტურდება, რომ დოკუმენტი, მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, თარგმანი, რომლებიც საფუძვლად უდევს გადაწყვეტილებას და მაშასადამე, რომელთა გარეშე ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა გამოტანილი, ყალბი და არასწორია.
მოცემულ შემთხვევაში, ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს. მან უნდა წარუდგინოს განცხადების განმხილველ სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მითითებულია საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილში.
საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლისმითითებას იმის შესახებ, რომ მას არ ჩაბარებია საკასაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინება და ამ განჩინების ჩაბარების შეტყობინებაზე მისი ხელმოწერები გაყალბებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ღ-ის სახლის“ დირექტორ ა. ა-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესისასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.