შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
774აპ. 1 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-სა და დაზარალებულ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლNი:
გ. ს-ძე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
სასამართლომ იმავე განაჩენით დაზარალებულ მ. ჩ-ის სამოქალაქო სარჩელი დატოვა განუხილველად.
განაჩენის მიხედვით, გ. ს-ეს ბრალი დაედო ქურდობაში, ჩადენილი არაერთგზის და სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ს-ემ 2003-2004 წლებში არაერთგზის, უკანონოდ შეაღწია ქალაქ ჭიათურაში, ---ის ქუჩის ¹214-ში მცხოვრები, თავისივე სადარბაზოს კარის მეზობლის, დაზარალებულ მ. ჩ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 4 470 (ოთხი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის ღირებულების მოძრავ ნივთებს: საყოფაცხოვრებო და ვიდეოტექნიკას; სამზარეულო და სასადილო ინვენტარს; აგრეთვე, ბიბლიოთეკას (ბიბლიოგრაფიული იშვიათობის გამოცემებს), რითაც დაზარალებულ მ. ჩ-ეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა მ. ჩ-ემ, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულისათვის საუარესოდ ცვლილების შეტანას და გ. ს-ის მიმართ სასჯელის ღონისძიების გამკაცრებას, მისი სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებას და მსჯავრდებულ (იგივე სამოქალაქო მოპასუხის) გ. ს-სათვის მის სასარგებლოდ 4470 ლარის დაკისრებას, რასაც ასაბუთებდა შემდეგი მოტივებით: გ. ს-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მომეტებული საშიშროების შემცველია და აქვს გავრცელებული ხასიათი; იგი ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ეწეოდა მისი საცხოვრებელი ბინის დარბევას; მსჯავრდებულ გ. ს-ეს შეფარდებული აქვს უსამართლო სასჯელი, როგორც მეტისმეტად მსუბუქი, და თვლის, რომ იგი უნდა გასწორდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანით, კერძოდ, სასჯელის გამკაცრებით _ თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი კანონის სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადამდე გაზრდით; უსაფუძვლოა, ასევე, სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ დაუზუსტებელია, თუ რა დასახელების წიგნები გაიტანა მსჯავრდებულმა მისი ბინიდან და რომელი დასახელების წიგნები დაუბრუნდა დაზარალებულს.
სააპელაციო საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებული განაჩენი შეაბრუნა მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, გ. ს-ეს გაუმკაცრა სასჯელი და მას დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ამასთან, დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და მის სასარგებლოდ მსჯავრდებულ გ. ს-ეს დააკისრა 4 470 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ს-ემ და დაზარალებულმა მ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი, მსჯავრდებული გ. ს-ძე თავისი საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. დაზარალებული მ. ჩ-ძე საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ს-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, გ. ს-ეს არ წარედგინა ბრალდება სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან ჩაიდინა, ხოლო დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, რაც არ გაითვალისწინეს პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ. ს-ემ ნამდვილად ჩაიდინა მის მიმართ სასამართლოს განაჩენით შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება და ამას არც მსჯავრდებული ხდის სადავოდ.
კასატორის, დაზარალებულ მ. ჩ-ის საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ის მოტივები, რომლებსაც თავის მოთხოვნას აფუძნებს კასატორი, სამართლებრივად არ წარმოადგენს კანონიერ და ჯეროვნად დასაბუთებულ საფუძველს განაჩენის გასაუქმებლად. დაზარალებულ მ. ჩ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე გ. ს-ეს არ წარედგინა ბრალდება სხვა დანაშაულთა ჩადენის თაობაზე, არ შეიძლება გახდეს საკასაციო ინსტანციაში განაჩენის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო პალატა უფლებამოსილია, განაჩენის კანონიერება შეამოწმოს მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდების ფარგლებში.
საკასაციო პალატა არ მიიჩნევს საფუძვლიანად, ასევე, დაზარალებულ მ. ჩ-ის საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ არის ზედმეტად ლმობიერი და უსამართლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული სასჯელის ზომა საკმარისადაა დასაბუთებული განაჩენში და იგი სავსებით შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს, ამ ქმედების ჩამდენი პირის მახასიათებლებსა და საქმის გარემოებებს, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება ლმობიერად და უსამართლოდ, მით უმეტეს, რომ არსებობს გარკვეული შემამსუბუქებელი გარემოებებიც მსჯავრდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას არ მიაჩნია საფუძვლიანად ასევე, კასატორის, მსჯავრდებულ გ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემცირების თაობაზე, რომელიც ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრად, ვინაიდან იგი, მოცემულ შემთხვევაში, მთლიანად შეესაბამება სასჯელის მიზნების უზრუნველყოფისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ამოცანას, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე. აღნიშნული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელები ისეთი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, ხოლო მითითებული კვალიფიკაცია ამჟამად შეესაბამება საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ახალ კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის შეცვლის საფუძველია, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმდება იმ ნაწილში, რომლის კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ს-სა და დაზარალებულ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.