შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1094აპ. ქ. თბილისი
14 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივლისის განაჩენით რ. პ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, რ. პ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 26 იანვარს რ. პ-ია გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად ქ. თბილისში, ---ის შენობაში არსებული მობილური ტელეფონების სარეალიზაციო ჯიხურში იმყოფებოდა. ამ დროს მათ იქვე მობილური ტელეფონის გასაყიდად მყოფ მოქალაქე ლ. ბ-ზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახეს, მისი კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ლ. ბ-ძე თავისი მეგობარი გოგონას, ს. ჯ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის „პანასონიკ X--” გაყიდვას ცდილობდა ახალი ტელეფონის შეძენის მიზნით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რ. პა-ია ლ. ბ-სთან მივიდა და 200 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის ,,პანასონიკ X--”-ის შეძენა შესთავაზა იმ პირობით, რომ მასთან ერთად მობილურ ტელეფონს წაიღებდნენ მთაწმინდაზე რ. პ-ას მეგობარ გოგონასთან საჩვენებლად და თუ მას აღნიშნული ტელეფონი მოეწონებოდა, 200 ლარად შეიძენდა. ამ მიზნით მათ ლ. ბ-ძე ტაქსით ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე წაიყვანეს. გზაში რ. პ-ას ერთ-ერთი თანმხლები პირი ---ის გამზირზე დარჩა. რ. პ-ამ ლ. ბ-ეს უთხრა, რომ მეგობარ გოგონასთან ტელეფონის საჩვენებლად წავიდოდა და დაახლოებით ხუთ წუთში დაბრუნდებოდა. იგი თავის თანმხლებ პირთან ერთად დატოვა. რ. პ-ია დაახლოებით 5 წუთში დაბრუნდა და ლ. ბ-ეს უთხრა, რომ მისმა მეგობარმა გოგონამ მობილური ტელეფონი წაიღო, რათა მამამისისათვის ეჩვენებინა და სწრაფად შეატყობინებდა პასუხს. დაახლოებით 30 წუთის უშედეგო ლოდინის შემდეგ ლ. ბ-ეს ეჭვი გაუჩნდა, რომ ზემოაღნიშნული პირები მისი მობილური ტელეფონის წართმევას ფიქრობდნენ და რ. პ-ას სთხოვა, გაერკვია რა ხდებოდა. ეს უკანასკნელი დათანხმდა. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ლ. ბ-ემ რ. პ-სა და მის თანმხლებ პირებს განუცხადა, რომ სახლში წასვლას აპირებდა, მათ მეორე დღეს შეხვდებოდა და ყველაფერს გაარკვევდნენ. ამის გამო აღნიშნულმა პირებმა ლ. ბ-ძე ერთ-ერთ ჩიხში გაიყვანეს, სადაც ეუბნებოდნენ, რომ მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა. ლ. ბ-ძე კვლავ სახლში წასვლას ცდილობდა, რის გამოც მას გინება დაუწყეს. რ. პ-ას თანმხლებმა პირმა ლ. ბ-ეს ყელზე ხელი მოხვია და მის მიწაზე დაგდებას ცდილობდა. ამავე დროს რ. პ-ამ ქამრიდან „---“-ის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, დაამზადა, ინახავდა და ატარებდა. მან ლ. ბ-ეს თავში პისტოლეტი ჩაარტყა, რის შედეგადაც მას სხეულის დაზიანება მიაყენა. ლ. ბ-ძე მიწაზე დაეცა, ხოლო თავდამსხმელები მის ცემას განაგრძობდნენ. ბოროტმოქმედებმა ლ. ბ-ეს ქურთუკი, მობილური ტელეფონი „მოტოროლა V--“ და ყავისფერი საფულე გასტაცეს. საფულეში ლ. ბ-ეს 200 აშშ დოლარი, 80 ლარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა ჰქონდა. შემდეგ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზემოაღნიშნულით რ. პ-ამ და მისმა თანამზრახველებმა ლ. ბ-ეს 750 ლარისა და 200 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ რ. პ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ-რი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით; ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს განაჩენს საფუძვლად დაედო მტკიცებულებანი, რომლებიც მოპოვებულია კანონის წესის დარღვევით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატა თვლის, რომ როგორც I-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები გააჩნდათ რ. პ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
განაჩენით მსჯავრდებულ რ. პ-ას მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ ლ. ბ-ის ჩვენებით, მოწმე ს. ჯ-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგნის ამოსაცნობად წარდგენის, ფოტოსურათებით ამოცნობისა და პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რ. პ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (პირველადაა სამართალში, დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, ხასიათდება დადებითად, სპორტსმენია) და ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რაც იმას გულისხმობს, რომ პირის მიზანია, დაეუფლოს კონკრეტულ ამ ნივთს. რ. პ-ია არ ითვალისწინებდა, რომ საფულეში, რომელსაც დაეუფლა, მოთავსებული იყო საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მართვის მოწმობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ რ. პ-ას მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.