დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1293აპ 14 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით:
მ. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 22 იანვრიდან.
ნ. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 22 იანვრიდან.
მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 22 იანვარს ნ. თ-ლი დილის 11 საათიდან 12 საათამდე პერიოდში დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობ მ. თ-ლს, რომლისგანაც უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---ის” შემცველი 1,5 “---ის” აბი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის მართვის ქვეშ მყოფ “საიტ-ტოლედოს” მარკის მანქანის სალონში. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ღონისძიების შედეგად 2006 წლის 22 იანვარს 14:40 საათზე, ქ. თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ---ზე, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ნ. თ-ლი, რომლის მანქანიდან ჩხრეკის დროს, სალონის წინა მარჯვენა მხარეს სათავსიდან, ამოიღეს ნ. თ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი 1,5 “---ის” აბი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს 0,0119 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “---ს”.
მ. თ-მა დაუდგენელ დროსა და დაუდგენელ პირისაგან შემდგომი რეალიზაციის მიზნით უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---ის” აბები. 2006 წლის 22 იანვარს მ. თ-ლი დაუკავშირდა თავის ნაცნობ ნ. თ-ლს და 22 იანვარს დილის 11 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, ქ. თბილისში, ---ის ბაზრობის ტერიტორიაზე, უკანონოდ გაასაღა 1,5 “---ის” აბი. გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 2006 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში, ---ის გამზირზე ¹--ე საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი მუქი შინდისფერი “ბმვ”-ს მარკის მანქანით, სახ. ¹-- მოძრაობისას, 17 საათსა და 40 წუთზე, მ. თ-ლი დააკავეს შსს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავებისას ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედების შედეგად მას მოკლემკლავიანი ქურთუკის ზედა ჯიბიდან ამოუღეს ასანთის კოლოფში მოთავსებული, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული 5 ცალი აბი, რაც 2006 წლის 22 იანვრის ქიმიური დასკვნის საფუძველზე წარმოადგენს 0,04 გრ. “---ის” შემცვლელ “---ის” 5 ცალ აბს, რასაც მ. თ-ლი უკანონოდ ინახავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნ-ამ. ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამხელს ამ დანაშაულში მონაწილე მ. თ-ლს. ამ გარემოებების საფუძველზე მან მოითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. თ-მა და მოითხოვა გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საკასაციო საჩივრით მიმართა მსჯავრდებულმა მ. თ-მა, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, უსაფუძვლობის გამო.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა ჩვენებით, მსჯავრდებულ ნ. თ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მოცემული ჩვენებით, მსჯავრდებულ მ. თ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. თ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტში კანონმდებელი იყენებს ტერმინს - “იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით”, ანუ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაეკისრება, თუ მან ჩაიდინა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით. ამასთან, მეორე ნაწილი ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. თ-ლს, უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ხოლო მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.
სააპელაციო სასამართლომ მ. თ-ლს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწალის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. თ-ლს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა ნ. თ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა,” “დ” ქვეპუნქტებით, 567-ე და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. თ-ლს ამოერიცხოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
მსჯავრდებულ მ. თ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.