დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.07.2007
საქმის ნომერი
2კ-719აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

719აპ ქ. თბილისი

11 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ თ. ჭ-ის,ადვოკატ _ ნ. ხ-ას,მსჯავრდებულ _ ზ. ნ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ზ. ნ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით იმაში, რომ ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ე.ი. დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 14 მაისს, 21.30 საათზე, ნასვამმა ზ. ნ-ამ კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა ,,---ის" კომბინატის ეზოში, რომელიც მდებარეობს დ. ---ის ქ. ¹18-ში. ამავე მისამართზეა განთავსებული სს ,,---ის" ჩუღურეთის რაიონის საექსპლუატაციო უბანი. ზ. ნ-ია შევიდა ოფისში, შეაღო ელექტრომონიტორების ოთახის კარი, გაშალა თავისი შავტარიანი, საკეცი დანა და იქ მყოფ მ. ლ-ეს გინებით და აგრესიულად ჰკითხა, სად იყო მათი თანამშრომელი ა. ს-ვა. როდესაც მ. ლ-ემ უპასუხა, რომ ა. ს-ამ დაასრულა სამუშაო და წავიდა სახლში, ზ. ნ-ამ კვლავ გააგრძელა გინება და მუქარა, რომ ყველას აჩვენებდა, რა კაციც იყო. ამ საუბრის შემდეგ მ. ლ-ძე დარჩა ოფისში, ხოლო ზ. ნ-ია გამოვიდა იქიდან, გადაკვეთა -ის ქუჩა და გაჩერდა ---ის ქუჩის დასაწყისში. რამდენიმე წუთში მან შენიშნა უზნაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი, ოფისიდან სიგარეტის საყიდლად გასული ,,---ის" თანამშრომელი ზ. თ-ლი, რომელსაც უხეში, აგრესიული ტონითა და გინებით მიმართა, მისულიყო მასთან, რაზეც უარი მიიღო. ზ. ნ-ია თვითონ მივიდა მასთან და ხელი ჩაავლო მხარში. ზ. თ-ლი შეეცადა განთავისუფლებას, მაგრამ ზ. ნ-ამ დანიანი მარჯვენა ხელი მოუქნია და დაარტყა მარცხენა გვერდში, რითიც მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი მძიმე დაზიანება. ზ. თ-მა იგრძნო, რომ ზ. ნ-ამ იგი დაჭრა, სცადა გაცლა, გაითავისუფლა მისგან თავი და შევიდა თავისი სამსახურის ეზოში, ხოლო ზ. ნ-ია, გაშლილი დანით ხელში, გინებითა და ყვირილით ,,დაგჩეხავ, მოგკლავ" გაეკიდა ზ. თ-ლს. მივარდა ამს ,,---ის" ოფისის ბაქანზე და მოუქნია დანიანი ხელი, მაგრამ დაზარალებულმა მოახერხა მისი ხელის დაკავება. ამ დროს მათ გასაშველებლად მივიდნენ ეზოში მყოფი ,,---ის" თანამშრომლები. ჩხუბის დროს ზ. ნ-ას მოესმა ყვირილი ,,პატრული მოვიდაო", რის შემდეგ დაანება ჩხუბს თავი, წაიღო თავისი დანა და შეეცადა მიმალვას, მაგრამ იგი დააკავეს შემთხვევის ადგილის მახლობლად, თავის სახლთან, ხოლო დაჭრილი ზ. თ-ლი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ნ-ას განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 14 მაისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ნ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ხ-ამ. მათ ითხოვეს ზ. ნ-ას გამართლება და პატიმრობიდან გათავისუფლება.

დაზარალებულმა ზ. თ-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩEნი შეიცვალა: ზ. ნ-ას ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ხ-უა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ზ. ნ-ას მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, მთლიანად ეფუძნება წინასწარი გამოძიების ცალსახა ვერსიებს და მიღებულია მხოლოდ დაინტერესებული პირებისა და ექსპერტიზის არაობიექტური დასკვნის საფუძველზე, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო ზ. ნ-ია გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ განაჩენის დადგენისას უგულვებელყო სსსკ-ის მე-18, მე-19 და 496-ე მუხლების მოთხოვნები; არავითარი შეფასება არ მისცა სასამართლო სხდომაზე მოპოვებულ მტკიცებულებებს; ცალსახად გაიზიარა მხოლოდ დაინტერესებულ პირთა ჩვენებები და ბრალდებას საფუძვლად დაუდო ექსპერტიზის საეჭვო დასკვნა, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს ზ. ნ-სათვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას; ექსპერტიზის დასკვნა ეხება არა ზ. თ-ის სხეულის დაზიანების ხარისხს, არამედ _ ვინმე თ-სას; სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ის მოქმედებდა მხოლოდ თავდაცვის მიზნით, ხოლო დამდგარი შედეგი პროვოცირებული იყო თვით დაზარალებულის მიერ; საქმის მასალებით ვერ დადასტურდა ზ. ნ-ას მხრიდან დანაშაულის ჩადენა ხულიგნური ქვენაგრძნობით; ზ. ნ-სა და ,,---ის" თანამშრომლებს შორის ერთგვარი დაპირისპირება, რომელიც წინ უძღოდა ზ. თ-თან მომხდარ ინციდენტს, თავისთავად გამორიცხავს მის ქმედებას ხულიგნური ქვენაგრძნობით; მოწმეები _ დ. ა-ლი და გ. ხ-რი უშუალოდ ფაქტს არ შესწრებიან, მათ მხოლოდ გააჩერეს მსჯავრდებული, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია და არ გამოუვლენია ხულიგნობის ნიშნები; არ დადგენილა, რატომ არ ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან ბავშვის კალათა; ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, ბავშვის კალათასა და ზ. ნ-ას ტანსაცმელზე იყო მხოლოდ მისი სისხლი, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მსჯავრდებულის ჩვენების სისწორეს, რომ იგი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით; სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ 2007 წლის 16 თებერვალს დაყენებული შუამდგომლობა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით, რითიც დაარღვია სსსკ-ის 533-ე მუხლის მოთხოვნები და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით; აღსანიშნავია ისიც, რომ ზ. ნ-ას უარი ეთქვა საპროცესო გარიგების დადებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ნ. ხ-უა ითხოვს ზ. ნ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ხ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით იმ მოტივით, რომ ვერ დადგინდა, მოქმედებდა თუ არა ზ. ნ-ია ხულიგნური ქვენაგრძნობით. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ საქმის ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე.

საბოლოოდ ადვოკატმა ნ. ხ-ამ მოითხოვა ზ. ნ-ას ქმედების დაკვალიფიცირება მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედების შესაბამისად და სასჯელის მინიმუმის დანიშვნა.

თავისი დამცველის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა ზ. ნ-ამ და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ იმ მოტივით, რომ ხულიგნური ქვენაგრძნობა არ ამოძრავებდა და ყოველივე გამოიწვია დაზარალებულის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებამ.

სახელმწიფო ბრალმდებელმა თ. ჭ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე _ მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ზ. თ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ოფისიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა. უკან დაბრუნებისას დაუძახა ნასვამმა ზ. ნ-ამ. ეს უკანასკნელი უარყოფითი პიროვნება იყო, მას წინა დღეს არჩილ სურმავასთან კამათი მოუხდა, ამიტომ საუბარს თავი აარიდა და გზა განაგრძო. ზ. ნ-ია წამოეწია, პერანგში ხელი ჩაავლო და მიმართა: ,,ჩემს ძახილზე პასუხი რატომ არ გამეციო" და შეაგინა. ამ დროს ზ. თ-მა დანის დარტყა იგრძნო და სისხლი წამოუვიდა. იგი შენობაში შევიდა, რათა ჭრილობა ენახა. ზ. ნ-ია ისევ აგინებდა და მას დაუძახა _ ამას არ გაპატიებო. ზ. ნ-ია დანით ხელში კვლავ მისკენ წავიდა, რა დროსაც მ. ლ-ემ უკნიდან ხელი გაუკავა. ამ დროს ზ. თ-მა გონი დაჰკარგა და მხოლოდ საავადმყოფოში გამოფხიზლდა (ს.ფ. 177-178).

მოწმე მ. ლ-ემ განმარტა, რომ ზ. თ-ლი სიგარეტის საყიდლად გავიდა. თვითონ ოფისში იყო, როცა ნასვამი ზ. ნ-ია მასთან მივიდა. ეს უკანასკნელი გაღიზიანებული იყო, იგინებოდა, დანა ეჭირა და არჩილ სურმავა იკითხა. თხოვნის შედეგად ზ. ნ-ია გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში მოესმა ჩოჩქოლის ხმა, გარეთ დაინახა ზ. თ-ლი, რომელსაც საფეთქელიდან სისხლი სდიოდა და უთხრა, რომ ზ. ნ-ამ დაჭრა. ზ. თ-ლი შენობაში შევიდა, ხოლო ზ. ნ-ამ განუცხადა, რომ არაფერი მომხდარა და თვითონაც დაჭრილი იყო, რა დროსაც ხელზე დანა დაისვა და ზ. თ-ლს ემუქრებოდა. ეს უკანასკნელი გარეთ გავიდა და ზ. ნ-ას შეაგინა _ სასიკვდილოდ როგორ გამიმეტეო. ზ. ნ-ია სიტყვებით: ,,აგჩეხავო" მისკენ სწრაფად დაიძრა. მან დანიანი ხელი მოუქნია ზ-ას, მაგრამ მ. ლ-ემ მოასწრო და გააკავა. იქვე მივიდა ი. ს-ლი და მოახერხეს დანის წართმევა (ს.ფ. 185-187).

მოწმეების _ გ. ხ-სა და დ. ა-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ზ. ნ-ას ხელები სისხლიანი ჰქონდა და თქვა, რომ დანით გაიჭრა. ჩხრეკისას ზ. ნ-ას ამოუღეს სისხლიანი დანა (ს.ფ. 180-184).

მოწმე რ. ბ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ზ. ნ-ას, რომელიც იგინებოდა, მ. ლ-ძე და ი. ს-ლი ეჭიდებოდნენ, ეუბნებოდნენ _ არ გინდა, არ ქნაო. ზ. თ-მა პერანგი აიწია და თქვა: ,ასე როგორ გამიმეტა ზურამო" (ს.ფ. 189-192).

მოწმე ი. ს-მა განაცხადა, რომ მ. ლ-ეს ზ. ნ-ას დანიანი ხელი ჰქონდა გაკავებული (ს.ფ 192).

დადგენილია, რომ ზ. ნ-ას აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (ს.ფ. 9). ასევე დადგენილია, რომ ზ. თ-ლს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში, რაც მძიმე ხარისხისაა და სახიფათოა სიცოცხლისათვის (ს.ფ. 100-103).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი კ. ა-ლი, რომელმაც დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ ოპერაციის გარეშე დადგებოდა სავალალო შედეგი (ს.ფ. 196-197).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალები უტყუარად ადასტურებს ზ. ნ-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, რაც სწორადაა დაკვალიფიცირებული, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელი, რის გამოც სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ზ. ნ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განაჩენი ზ. ნ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.