შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.09.2007
საქმის ნომერი
96საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

96/საზ ქ. თბილისი

11 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განაჩენით შ. ხ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ 5 წლითა და 7 თვით, სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე შ. ხ-ვს შეეფარდა 5 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 12 აგვისტოდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ შ. ხ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ასევე _ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომლითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.

მსჯავრდებული შ. ხ-ვი საჩივარში აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ შ. ხ-ვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელად დაენიშნა 5 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ადრე მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. ამდენად, შ. ხ-ვს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 თვე და საბოლოოდ მიესაჯოს 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ შ. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

შ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელმა, საქართველოს 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შთანთქას 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ. ხ-ვს მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 (ხუთი) თვე და საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.