შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
428საზ 26 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 იანვრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 ივნისის განაჩენით მ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2003 წლის 9 იანვრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივნისის განაჩენით ზემოაღნიშნულ განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ მ. მ-ეს სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 5 თვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივნისის განაჩენი მ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. მ-ძე საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ მ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის რედაქცია) – მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის III ნაწლის ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.