დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.07.2007
საქმის ნომერი
24საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹24-საზ ქ. თბილისი

16 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 აგვისტოს განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განაჩენით მ. ტ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ. ტ-ას ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ტ-ას, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-სა და წარმომადგენელ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე, არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებულ მ. ტ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მ. ტ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ვინაიდან ახალი კანონი აუქმებს მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების დასჯადობას; ფოთის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც აუქმებს მ. ტ-ას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; მხედველობაშია საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წლის 16 დეკემბერს, მაგრამ ამავე კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად ამოქმედდა 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, ანუ მ. ტ-ას მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; 2005 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ახალმა ორგანულმა კანონმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საბოლოოდ გააუქმა მ. ტ-ას მიმართ გადამეტებად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა, როცა სიცხადე შეიტანა დასახელებული კანონის 33-ე მუხლში და აღმოფხვრა ის წინააღმდეგობები, რაც საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გაგებაში იყო წარმოშობილი ამ ორგანული კანონის მიხედვით, ამრიგად ის, რასაც ედავებოდნენ მ. ტ-ას, რომ საკრებულოს სპეციალური უფლებამოსილების გარეშე არ უნდა მოეწერა ხელი 2000 წლის 5 მაისის ხელშეკრულებაზე, სრულიად უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივარში მითითებული გარემოებანი საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რაც გახდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ტ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 აგვისტოს განაჩენები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.