შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
54/საზ ქ. თბილისი
18 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
ა. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 მაისიდან;
ი. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 6 აგვისტოდან.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. გ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
მსჯავრდებული ა. გ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო ჯარიმა ან ტუსაღობა ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ანდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 376-ე მუხლთან და მას უნდა მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ი. ბ-ეს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინებით მსჯავრდებული ი. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე და სასჯელად დაენიშნოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.