შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹69/საზ 16 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჯ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ივლისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის განაჩენით დ. ჯ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით, ხოლო ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ჯ-ას საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 18 აგვისტოდან.
ამავე განაჩენით, დ. გ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის “ა", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით, ხოლო ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. გ-ნს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 18 აგვისტოდან.
კ. გ-ლი, ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის “ა", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით, ხოლო ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით, თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კ. გ-ლს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 18 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულების - დ. გ-სა და კ. გ-ის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. ჯ-ვა მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ივლისის განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ დ. ჯ-ამ ჩაიდინა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარით) და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაული.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ჯ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული დანაშაულისთვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. დღეს მოქმედი სსკ-ით აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია 178-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ჯ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ამჟამად მოქმედი მუხლის სანქციის ფარგლებშია.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ განაჩენი დ. გ-სა და კ. გ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ:
დ. გ-სა და კ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულების სასიკეთოდ იცვლება.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულების დ. გ-სა და კ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, ,,გ", “დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
დ. გ-სათვის და კ. გ-სათვის დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის სანქციის ფარგლებშია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ დ. ჯ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:
მსჯავრდებულების _ დ. ჯ-ას, დ. გ-სა და კ. გ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.