შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
134-საზ ქ. თბილისი
17 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ _ ს. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 მარტის განაჩენით ს. შ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა, 17,104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით ს. შ-ნს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
განაჩენით ს. შ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ხულიგნური ქვენაგრძნობით, სამი პირის განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის; დამამძიმებელ გარემოებებში ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის; მოქალაქის ქონების განზრახი დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი მოქმედება, რომელიც დაკავშირებული იყო წინააღმდეგობის გაწევასთან ხულიგნობის აღმკვეთი მოქალაქისათვის.
მსჯავრდებული ს. შ-ნი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ს. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა, მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ს. შ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს იმ სისხლის სამართლის კანონთან, რომელიც მოქმედებდა ს. შ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს და ყველაზე მსუბუქია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ ს. შ-ნს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. შ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ს. შ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით, 17,104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, 228-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანებისათვის საყოველთაოდ საშიში საშუალებით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან რვა წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
ს. შ-ნს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ს. შ-ნს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, ს. შ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ს. შ-ის მიერ ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელთა სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ს. შ-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. შ-ნს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. შ-ნს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 მარტის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ს. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ს. შ-ნს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1996 წლის 25 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.