შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 14.09.2007
საქმის ნომერი
252საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

252/საზ ქ. თბილისი

14 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით: გ. გ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მეორე ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეოთხე ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული გ. გ-რი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 29 აგვისტოდან;

ე. წ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან;

გ. გ-რს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმ პირის მიერ, ვისაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა; მანვე ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა.

მსჯავრდებული გ. გ-რი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. გ-რს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, სასჯელის მაქსიმალური ზღვარის 9 წლამდე შემცირების გამო, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილია მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა ან ბანდიტიზმი) და მეხუთე (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში შეღწევით) პუნქტებით (ძვ. რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზისა და ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - სანქციის ფარგლებშია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტები (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძვ. რედ.) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე.

სსკ-ის 238-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-4 ნაწილი შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

მსჯავრდებულ გ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-რს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე, მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხის მსჯავრდებულ გ. გ-ის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობა, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს პირის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობას.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ე. წ-ლს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი ე. წ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ე. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან სასჯელის მაქსიმალური ზღვარის 9 წლამდე შემცირების გამო, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილია მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში შეღწევით) პუნქტით (ძვ. რედაქცია), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 10 წლამდე და წარმოადგენდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს. სსკ-ის 238-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-4 ნაწილი შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ე.ი. დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეიცვალა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

მსჯავრდებულ ე. წ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

მსჯავრდებულ ე. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მცხეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

გ. გ-რს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე, მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

განაჩენიდან ამოირიცხოს მსჯავრდებულ გ. გ-ის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობა.

მსჯავრდებულ ე. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

ე. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.