დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹276საზ ქ. თბილისი
1 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ზ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის განაჩენით პ. ზ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ პ. ზ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
პ. ზ-ლს განაჩენით მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის.
მსჯავრდებული პ. ზ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ. ზ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, არაერთგზის - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ პ. ზ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. ზ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ პ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.