შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 08.01.2009
საქმის ნომერი
2კ-613აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

613აპ. 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. K-სა და გ. A-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ზ. გ-ა ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ზ. გ-ა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 28 სექტემბრიდან.

ზ. გ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. გ-მ 2005 წელს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის _ 9, 693 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და დიდი ოდენობის – 0, 065 გრამი „მეთადონი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა ზუგდიდის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელ სახლში. მითითებული ნარკოტიკი ამოიღეს 2005 წლის 28 სექტემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

აპელანტმა – მსჯავრდებულმა ზ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. A-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. კ-მა და გ. A-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა ითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძველიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. გ-ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით მსჯავრდებული ზ. გ-ა შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ზ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულების საფუძველზე ზ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.