შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1911აპ ქ. თბილისი
29 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ისა და მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. კ-ისა და ი. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ი. გ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ე», „თ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის _ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით;
ამავე განაჩენით შ. მ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ე», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის _ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ ყაჩაღობა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ი. გ-ისა და შ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: შ. მ-ი, ი. გ-ი და სხვა პირები, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის გაადვილების მიზნით, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკების თანახმად, ისინი თავდასხმას განახორციელებდნენ ნ. ო-სა და მის ფეხმძიმე მეუღლეზე _ რ. ტ-ზე, თავისუფლებას აღუკვეთდნენ მცხეთის რაიონის სოფელ დ-ში ი. გ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით გაიტაცებდნენ დასახელებულ პირთა ქონებას და აიძულებდნენ, ჯგუფის წევრებისათვის გამოსასყიდის სახით მიეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი».
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2004 წლის 26 დეკემბერს, 17 საათზე, შ. მ-ი და სხვა პირები თბილისში, დიღმის მასივში მდებარე რესტორან „ბაბილოს» მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ რ. ტ-სა და ნ. ო-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და მუქარის გამოყენებით, ნ. ო-სათვის დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად ისინი გადასვეს თავიანთ ავტომანქანაში, გადაიყვანეს ი. გ-ის ავტოფარეხში, აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს 6600 აშშ დოლარად ღირებული „მერსედესის» მარკის ავტომანქანა, 1500 აშშ დოლარად ღირებული კომპიუტერი, 700 აშშ დოლარად ღირებული ოქროს სამაჯური და 2700 ლარი. თავისუფლების უკანონო აღკვეთისთანავე ბოროტმოქმედებმა ნ. ო-ს შეუკრეს ხელ-ფეხი, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფითა და სიცოცხლისათვის საშიში მუქარით მოსთხოვეს, მათთვის მიეტანა 20 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი», წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მისი და მისი მეუღლის ფიზიკური განადგურებით. ნ. ო-ი დარწმუნდა, რომ მუქარა იყო რეალური, აღმოჩნდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა, მათ შეჰპირებოდა, რომ შეასრულებდა მოთხოვნას, რის შემდეგაც 2004 წლის 27 დეკემბერს ის გაუშვეს, ხოლო მისი მეუღლე დაიტოვეს. პირობის თანახმად, 27 დეკემბერს ნ. ო-მა გარდაბნის რაიონის სოფელ უ-ში 1500 აშშ დოლარად შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის _ 20 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი» და იმავე დღეს, თავისი მეგობრის მეშვეობით გადასცა შ. მ-ს, ი. გ-სა და სხვა პირებს, რის შემდეგ რ. ტ-ი 2004 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 01 საათზე, გაათავისუფლეს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან.
აღნიშნული დანაშაულის შედეგად რ. ტ-მა და ნ. ო-მა მიიღეს მორალური, ხოლო ამ უკანასკნელმა _ ფიზიკური ზიანი, სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხოლო ორივემ ერთად _ 8800 აშშ დოლარისა და 2700 ლარის მატერიალური ზიანი.
შ. მ-მა გამოძიებით დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის ჰიდროქლორიდი», წონით 0,07 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა», წონით 0,08 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თბილისში, დიღმის მასივში, საიდანაც იმავე წლის 28 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა.
აღნიშნული ქმედებისათვის შ. მ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „დ» ქვეპუნქტებით მიესაჯა 7 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ე», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ შ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 28 დეკემბრიდან; ი. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მას სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ე» და „თ» ქვეპუნქტებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 25 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მა, ასევე _ მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჯ-მ. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ე», „თ» ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. გ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ე», „თ» ქვეპუნქტებით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კასატორი _ მსჯავრდებული ი. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება მიმდინარეობდა ცალმხრივად, არაობიექტურად და მიკერძოებით, პროცესუალური დარღვევებით; საქმეში არ არსებობს მისი დანაშაულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, მეტიც, დაზარალებულების ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ მოტაცებაში ი. გ-ს ბრალი არ მიუძღვის და როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მოტაცებულების ავტოფარეხში ყოფნის ფაქტი, მან კატორიულად მოსთხოვა შ. მ-სა და სხვა პირებს წასვლა; ი. გ-ი სწორედ ამ იმედით წავიდა მეუღლის დეიდაშვილის ნათლობაზე, რომ უკან დაბრუნებულს იქ აღარავინ დახვდებოდა; მის ეზოს არა აქვს ჭიშკარი და ამიტომ ავტოფარეხით ნებისმიერს შეეძლო სარგებლობა; გამოძიების არც ერთ ეტაპზე ბრალდებას არ მოუპოვებია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას, ხოლო ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ი. გ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 375-ე მუხლით.
მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ დ. კ-ი და ი. კ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს დასკვნები გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის ნორმების არსებითი დარღვევებით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი განაჩენის დადგენაზე; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სრულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის კანონი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა.
კასატორთა მოსაზრებით, განაჩენს საფუძვლად უდევს დაუშვებელი მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულია საამისოდ არაუფლებამოსილი პირების მიერ; მოცემულ საქმეზე წინასწარ გამოძიებას 2004 წლის 28 დეკემბრიდან 2005 წლის 11 იანვრამდე აწარმოებდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და წესის შესახებ» 2004 წლის 24 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები; გაუქმდა კონტრტერორისტული დეპარტამენტი; იმ პირებს, რომლებმაც 2004 წლის 28 დეკემბრის შემდგომ წარმოებაში მიიღეს სს საქმე, ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, 2004 წლის 27 დეკემბრიდან შეწყვეტილი ჰქონდათ უფლებამოსილება; ისინი მოქმედებდნენ ძველი, გაუქმებული კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომელთა სტატუსით, რის გამოც მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს, ხოლო მათ მიერ მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებები წარმოადგენენ უკანონო საპროცესო აქტებს.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატები კატეგორიულად არ ეთანხმებიან განაჩენის დასკვნას შ. მ-ის 0,08 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას» უკანონო შეძენა-შენახვისათვის დამნაშავედ ცნობის შესახებ, რადგან აღნიშნული რაოდენობის „მარიხუანა», მცირე ოდენობის გამო, არ წარმოადგენს სს კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას; შ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო 2005 წლის 11 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ლ. ნ-ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებები; ექსპერტმა დაკითხვების დროს ვერ შეავსო დასკვნაში არსებული ხარვეზები; პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მცოდნე პირის _ ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის ჰააგის საბჭოს წევრის, ქიმიკოს-ტოქსიკოლოგის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ქ. ბ-ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტ ლ. ნ-ს შპრიცებში არსებულ სითხეში უნდა განესაზღვრა „მორფინის» ჰიდროქლორიდის რაოდენობა გრამებში დენსიტომეტრიული ან პლანიმეტრიული მეთოდით, ან ნივთმტკიცებაში არსებული სითხის კონცენტრაცია უნდა გამოეთვალა ტიტრაციის მეთოდით და გადაეანგარიშებინა მშრალ ნივთიერებაზე; ექსპერტს ეს მეთოდები არ გამოუყენებია და, შესაბამისად, არც კონცენტრაცია და „მორფინის» რაოდენობა არ განუსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზეპირი გაანგარიშება ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს; აღსანიშნავია ისიც, რომ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეულ ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ შ. მ-ის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს სამი ცალი 2-გრამიანი შპრიცი მოთეთრო ფერის სითხით, ხოლო ექსპერტის მიერ გამოკვლეული 7 მლ სითხე ვერანაირად ვერ მოთავსდებოდა ჩხრეკის ოქმსა და განაჩენში მითითებულ სამ ცალ 2-გრამიან, ერთჯერადი ხმარების შპრიცში; მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 373-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან ის არ დასტურდება ექსპერტის ზეპირი ჩვენებით სასამართლოში.
კასატორთა მოსაზრებით, აშკარაა ბინის ჩხრეკის ოქმში და ექსპერტის მიერ გამოკვლეული საგნების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების სხვადასხვაობა, რაც მიუთითებს ამოღებული საგნების შესაძლო გამოცვლის და მათი ნიშანთვისებათა არსებითი ცვლილების შესახებ; ამ შემთხვევაში, სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებაც დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს; საყურადღებოა ისიც, რომ მოწმეების _ ვ. ნ-ისა და მ. ბ-ს ჩვენებებით, ბინის ჩხრეკა ჩატარებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო ვ. ნ-ის ჩვენებით, ამოღებული სამედიცინო შპრიცები იყო ცარიელი; შ. მ-ი ისეა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, რომ არც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინია» ამოღებული და არც შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა არსებობს; არავის აუწონავს თითქოსდა არსებული ნარკოტიკული ნივთიერება; საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ვინმემ თავისი თვალით ნახა 20 გრამი „ჰეროინი».
საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ დაზარალებულ ნ. ო-ის ჩვენებით, მას არ უნახავს ნარკოტიკი; დაზარალებულ რ. ტ-ს ჩვენების მიცემის დროს არ უსარგებლია თარჯიმნის მომსახურებით, როდესაც თარჯიმნის ყოფნა სავალდებულო იყო; მისი ჩვენებით უტყუარად დადგინდა, რომ შ. მ-ს მასზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია, პირიქით, უთითებს, რომ შ. მ-მა ის გადაარჩინა, ორჯერ დაუბრუნა ოქროულობა და უნდოდა მისი გაშვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და შ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ნ. ო-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ერთ-ერთი გამტაცებელი შ. მ-ი იყო და გატაცებისას დაახლოებით 5-ჯერ დაარტყეს დანა. შემდეგ თავისივე ავტომანქანით ნ. ო-ი და მისი მეუღლე _ რ. ტ-ი მიიყვანეს ი. გ-ის ავტოფარეხში და დაზარალებულის მანქანა სრულად დაშალეს, რა დროსაც ი. გ-მა იპოვა იარაღი და საბუთები და რადგან ნ. ო-ი პოლიციელად აღიქვა, დაიწყო ჩხუბი და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბოროტმოქმედები ძალადობით და მოკვლის მუქარით ითხოვდნენ 50 ათას აშშ დოლარს, შემდეგ მოითხოვეს 20 გრამი ,,ჰეროინი" და მის მოსატანად გაათავისუფლეს ნ. ო-ი, ხოლო ამ უკანასკნელის მეუღლე მძევლად დაიტოვეს. ყველაფერი ი. გ-ის თვალწინ ხდებოდა. ნ. ო-მა მეგობრის დამხარებით შეიძინა მოთხოვნილი ნარკოტიკული საშუალება. დაზარალებულის განცხადებით, მას მიადგა 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის მატერიალური ზიანი (ტ. 4, ს.ფ. 158-164).
ანალოგიური ჩვენება მისცა და შ. მ-ი და ი. გ-ი დამაჯერებლად ამხილა დაზარალებულმა რ. ტ-მაც. მან განაცხადა, რომ გატაცების შემდეგ ი. გ-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც დაზარალებულმა სთხოვა _ ორსულად ვარ და ნუ მცემო. გარდა ამისა, ი. გ-მა გადაყარა დაშლილი ავტომანქანის ნაწილები. დაზარალებულმა ისიც აღნიშნა, რომ ბოროტმოქმედები ერთიანი განზრახვით და საერთო მიზნის მისაღწევად მოქმედებდნენ (ტ. 4, ს.ფ. 169-174; 186-188).
2004 წლის 28 დეკემბრის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ შ. მ-ის ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, დამსწრეთა მონაწილეობით ამოღებულ იქნა სამი ორ გრამიანი შპრიცი მოთეთრო სითხით და მორფინის 22 ცარიელი ამპულა. შენიშვნა არავის გამოუთქვამს და ოქმს ხელი მოაწერა შ. მ-მაც. მასვე გადაეცა ოქმის ასლი (ტ. 1, ს.ფ. 45-49).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ. მ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული საგნები დაილუქა და იმ დღესვე გაიგზავნა გამოსაკვლევად. მომდევნო დღეს გაიცა სპეციალისტის ცნობა, რომლის მიხედვით ნივთმტკიცებათა შეფუთვისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სამი ერთჯერადი მოხმარების შპრიცის შიგთავსი წარმოადგენს 6,9 მლ მორფინის ჰიდროქლორიდს (საწყისი _ 7 მლ).
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითად შეცვლის ვარაუდის საფუძველი. ის გარემოება, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული სამი ორგრამიანი შპრიცის ნაცვლად გამოკვლევისათვის წარდგენილი შპრიცებიდან ორი აღმოჩნდა 2,5 მილილიტრიანი, არ წარმოადგენს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს.
სასამართლოში დაიკითხა შ. მ-ის ბინის ჩხრეკის დამსწრე პირები. მათგან ვ. ნ-მ განმარტა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცარიელი შპრიცები. ვ. ნ-მ აღნიშნა, რომ ოქმი წაუკითხეს და მას ხელი მოაწერა. მოწმე მ. ბ-მ აღნიშნა, რომ შპრიცები მისი თანდასწრებით ამოიღეს და არ ახსოვს, ისინი ,,სავსე იყო თუ ცარიელი" (ტ. 4, ს.ფ. 195-196; 200-201).
ასევე დაიკითხა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორი, რომელმაც განაცხადა, რომ შპრიცების შიგთავსი წარმოადგენდა მორფინს, რაც თვისობრივად დადგინდა. ექსპერტმა კატეგორიულად დაადასტურა დასკვნის ობიექტურობა (ტ. 4, ს.ფ. 235-236).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატების _ დ. კ-ის და ი. კ-ის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ 2007 წლის 27 დეკემბრიდან მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავტორებს შეწყვეტილი ჰქონდათ უფლებამოსილება.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და წესის შესახებ» 2004 წლის 24 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია, რაც განხორციელდა 2005 წლის 25 იანვარს. საქმეშია პირთა თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის მიმართვა, რომელთა მიხედვით საკასაციო საჩივარში აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ 2004 წლის 27 და 30 დეკემბრიდან, ასევე _ 2005 წლის 3 იანვრიდან, ხოლო მანამდე მათ ეკავათ თანამდებობები უშიშროების სამინისტროში.
საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შ. მ-მა ჩაიდინა არა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არამედ მისი გამოძალვა, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). შესაბამისად, შ. მ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
საკასაციო პალატა იზიარებს ადვოკატების _ დ. კ-ის და ი. კ-ის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ 0,08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას" უკანონო შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ამის შესახებ.
სააპელაციო პალატის განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-ისა და მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. კ-ისა და ი. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულ შ. მ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სააპელაციო პალატის განაჩენიდან შ. მ-ის მიმართ ამოირიცხოს მითითება 0.08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვის თაობაზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.