შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2157აპ ქ. თბილისი
10 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით ჯ. შ., _ დაბადებული ---- წელს, ---- მოქალაქე, ---- განათლებით, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,ზ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 13 აგვისტოს დაბა თიანეთში, მცხოვრები ბ. ფ. დასასვენებლად ჩავიდა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, სადაც გაიცნო ასევე დასასვენებლად მყოფი, ხონის რაიონის სოფელ ----- მცხოვრები თ. წ. 2006 წლის 15 აგვისტოს იგი მივიდა თ. წ.-ს დასასვენებელ სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,მოტოროლას» ფირმის მობილურ ტელეფონს, ოქროს ყელსაბამს, ოქროს ბეჭედს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თ. წ.-ს პოლიციაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე ბ. ფ. პოლიციის თანამშრომლებმა წარადგინეს დაბა ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილებაში.
პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ბ. ფ.-მა ამავე ქვეგანყოფილების უფროსს _ ჯ. შ.-ს ჰკითხა, თუ რა იყო საჭირო მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და ,,საქმის მოსაგვარებლად», რაზეც ჯ. შ.-მ უპასუხა, რომ მთავარი იყო დაზარალებულისათვის დაებრუნებინა მოპარული ნივთები. ამის შემდეგ ბ. ფ.-მა აღიარა მხოლოდ მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი და მიუთითა ადგილზე, სადაც შენახული ჰქონდა აღნიშნული მოპარული ტელეფონი, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში არსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.
დაბა ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთ სამუშაო ოთახში მოთავსებულმა ბ. ფ.-მა ამავე ქვეგანყოფილების უფროსთან _ ჯ. შ.-ასთან პირისპირ საუბრისას დანაშაულის ერთი ეპიზოდის აღიარების სანაცვლოდ ადვოკატის მოწვევა და დანაპირები დახმარების აღმოჩენა ითხოვა. ჯ. შ. შეეცადა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით დაკავებული ბ. ფ.-საგან დაშინებითა და იძულებით მიეღო სრული აღიარებითი ჩვენება დაზარალებულ თ. წ.-ს კუთვნილი ოქროს სამკაულების ქურდობის ნაწილშიც. აღნიშნულზე ბ. ფ.-საგან უარის მიღებით განაწყენებულმა ჯ. შ.-მ მას გაშლილი ხელის გულის ქვედა ნაწილი გაარტყა ქვედა ტუჩზე, რის გამოც ტუჩის შიგნით, ლორწოვანი გარსის მხრიდან სისხლი წამოუვიდა. ბ. ფ. დაჯდა სკამზე, მარჯვენა ხელი დაზიანებულ ტუჩზე მოიკიდა და წელში მოიხარა, რათა ახლად გაკეთებული თიაქრის ნაოპერაციევი ადგილი მოერიდებინა პოლიციის უფროსის მხრიდან შესაძლო შემდგომი დარტყმისაგან. ამ დროს მას ხელიდან გაუვარდა ანთებული სიგარეტი. ჯ. შ.-მ, მოქმედებდა რა დაკავებული ბ. ფ.-ს დაშინებისა და მისგან სრულყოფილი აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, აიღო ძირს დაგდებული ანთებული სიგარეტი და მიადო ამ უკანასკნელს კისრის არეში. ბ. ფ.-მა განიცადა რა დამწვრობით მიღებული ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ჯ. შ.-მ მარჯვენა ხელზეც დაადო ანთებული სიგარეტი. ჯ. შ.-ს მხრიდან მიყენებული წამების შედეგად ბ. ფ.-მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება _ მომრგვალო ფორმის კანის დეფექტი მარჯვენა წინა მხარსა (ორი) და კისრის უკანა ზედაპირზე (ერთი), ასევე ლორწოვანი ნახეთქი ჭრილობა ტუჩის მარჯვენა შიდა ზედაპირზე.
ჯ. შ.-მ, ჰქონდა რა უკვე ჩადენილი თ. წ.-ს მობილური ტელეფონისა და პირადი ოქროს სამკაულების ქურდობაში ეჭვმიტანილ ბ. ფ.-ს წამება, განიზრახა თ. წ.-თან სამსახურებრივი გავლენის გამოყენებით, იძულებით დაემყარებინა სქესობრივი კავშირი.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2006 წლის 15 აგვისტოს, ჯ. შ.-მ დაბა ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილებაში გამომძიებელ ე. ჩ.-ს მიერ დაზარალებულის სახით დაკითხვის შემდეგ, თ. წ. მიიპატიჟა დაბა ურეკის ერთ-ერთ კაფე-ბარში, რის შემდეგაც ჯ. შ.-მ თ. წ. არასრულწლოვან ვაჟიშვილთან ერთად მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წაიყვანა ქობულეთის მიმართულებით. ურეკი-ქობულეთის გზატკეცილზე, მშენებარე ატრაქციონებთან, გზიდან გადაუხვია და იქვე არსებულ ტყის პირას ავტომანქანა შეაჩერა. ჯ. შ. მოქმედებდა დაზარალებულ თ. წ.-თან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით და მას ბ. ფ.-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულების დაბრუნების სანაცვლოდ დაუყოვნებლივ მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება, რაზედაც თ. წ.-მა თავდაპირველად უარი განუცხადა. ჯ. შ-ს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი სამსახურებრივი გავლენის გამოყენებით აეძულებინა თ. წ., მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა მოპარული ოქროს ნივთების დაბრუნებისა და მომხდარი დანაშაულის სრულად გახსნის სანაცვლოდ და თ. წ-ს განმეორებით მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება. ასევე განუცხადა, რომ მათ შორის სისტემატური ხასიათის სექსუალური კონტაქტების შემთხვევაში მატერიალურად დაეხმარებოდა და მობილური ტელეფონისათვის შეუძენდა სიმ-ბარათს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად ავტომანქანის უკანა სავარძელზე მძინარე არასრულწლოვანი ვაჟიშვილის გაღვიძებით დაემუქრა. დაზარალებული თ. წ. დარწმუნდა იმაში, რომ ჯ. შ.-ს, როგორც დაბა ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსს, სამსახურებრივი გავლენიდან გამომდინარე, შეეძლო, გაეხსნა მომხდარი დანაშაული და სრულად დაებრუნებინა მოპარული ნივთები, თავისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა, ჯ. შ-სთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. ჯ. შ-მ თ. წ.-თან სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ იგი თავისი ავტომანქანით წაიყვანა დაბა ურეკში, ხოლო მეორე დღეს, დაპირებისამებრ, ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომლის ხელით გაუგზავნა სიმ-ბარათი და 5 ლარიანი მონო-ბარათი, ხოლო დაბა ურეკიდან გამგზავრებამდე მას პირადად გადასცა 50 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, ჯ. შ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა, შეთითხნილია, რისი დამადასტურებელიცაა საქმეში არსებული უამრავი საპროცესო დარღვევა, სიყალბე და საეჭვო გარემოებანი; განაჩენი ეყრდნობა მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს; გარდა დაზარალებულების ცრუ ბრალდებებისა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ჯ. შ.-ს ბრალეულობას; საქმეზე არ ჩატარებული ბიო-ქიმიური ექსპერტიზა, გამოძიებას არ დაუთვალიერებია დაზარალებულ თ. წ.-ს ჩვენებაში მითითებული შემთხვევის ადგილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას, საქმეზე შეკრებილი მასალებიდან გამომდინარე, კერძოდ: დაზარალებულ ბ. ფ.-ს ჩვენებებით, ბ. ფ.-სათვის გადაღებული ფოტოსურათებით მოწმეების _ შ. ბ.-ს, გ. ჭ.-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,ზ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ჯ. შ.-ს მიმართ ამ ეპიზოდში განაჩენით შერაცხული ბრალდება.
რაც შეეხება მსჯავრდების იმ ეპიზოდს, რომ ჯ. შ.-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (სქესობრივი კავშირის იძულება, სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით), საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ეპიზოდში საქმეზე არ არის შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებები მისი ბრალდების დასადასტურებლად. მხოლოდ დაზარალებულ თ. წ.-ს ჩვენებები არ არის საკმარისი ჯ. შ.-ს ბრალეულობის დასადასტურებლად ამ ეპიზოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. შ.-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,ზ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მსჯავრდებულ ჯ. შ.-ს საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,ზ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.