განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
4აპ ქ. თბილისი
8 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. კ.-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენით კ. კ., _ დაბადებული -------, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით იმაში, რომ საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 20 საათიდან 21 საათამდე დროის მონაკვეთში, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით კ. კ.-მ კარის ბოქლომის გატეხვის გზით შეაღწია ქ. ბათუმში მდებარე, ნ. ა,-ს სავაჭრო ჯიხურში, სადაც დაუფლა ფულს და სხვადასხვა ნივთებს და მიიმალა, რითიც დაზარალებულს მიაყენა 323 ლარის ოდენობის ზიანი.
გარდა ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით კ. კ. დაჯარიმდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის. ამის მიუხედავად, მან კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადგინდა 2007 წლის 23 აპრილს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას.
აღნიშნული ქმედებებისათვის კ. კ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 აპრილიდან. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და კ. კ.-ს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 350 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატმა და სახელმწიფო ბრალმდებელმა.
ადვოკატმა მოითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო 273-ე მუხლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, კ. კ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორები _ კ. კ. და მისი ადვოკატი მ. ვ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ დაზარალებული ნ. ა. არ ფლობს ქართულ ენას და მისი მონაწილეობით, თარჯიმნის გარეშე საქმის წინასწარი გამოძიებისას ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა. გასაჩივრებული განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის მიერ 20 ლარიანი კუპიურის ამოცნობას, რაც დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მოითხოვენ კ. კ.-ს მიმართ მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში საქმის შეწყვეტას, ხოლო 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოტივს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას _ დაზარალებულის მიერ 20 ლარიანი კუპიურის ამოცნობას, კერძოდ:
დაზარალებულმა ნ. ა.-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ჯიხურიდან გატაცებულ თანხას ერთი კვირის მანძილზე აგროვებდა და ზუსტად ახსოვს კუპიურების მდგომარეობა. საქმის წინასწარი გამოძიებისას ამოიცნო თავისი 20 ლარიანი კუპიურა, რომელსაც კუთხე ჰქონდა მოხეული. მანვე მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს კ. კ. მისგან სესხად ითხოვდა 20 ლარს, რაზეც უარი მიიღო და დაზარალებულს დაემუქრა. ნ. ა.-ს განმარტებით, მან თითქმის არ იცის ქართულად წერა-კითხვა. საქმის წინასწარი გამოძიებისას დაკითხვისა და საგნის ამოსაცნობად წარდგენის დროს არ ჰყავდა თარჯიმანი. დაზარალებულის თანხმობით, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომლის ობიექტურობა ნ. ა.-მა მთლიანად დაადასტურა. ამ ჩვენებაში დაზარალებული მიუთითებს, რომ გატაცებული თანხიდან 20 ლარიან კუპიურას მარჯვენა მხარეს მოხეული ჰქონდა კუთხე. ხუთი 5 ლარიანი კუპიურიდან 2 იყო ახალი, ხოლო ორს გადაკეცვის ადგილზე, შუაში ჰქონდა ამონახევი. 2 ლარიანი კუპიურებიდან 2 იყო ახალი
საქმის წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულის დაკითხვიდან რამდენიმე საათში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას კ. კ.-საგან ამოიღეს 20 ლარიანი კუპიურა, რომელსაც მარჯვენა კუთხე მოხეული აქვს. ამოღებული 5 და 2 ლარიანი კუპიურებიდან 2-2 არის შედარებით ახალი. ერთ-ერთ 5 ლარიან კუპიურას გადაკეცვის ადგილზე, შუაში აქვს მცირე ზომის ნახვრეტი
წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ნ. ა. ეროვნებით ქართველია და მისი დედაენა ქართულია. ამ უკანასკნელს გადაეცა უფლება-მოვალეობათა ნუსხა და დაკითხვის ოქმის სისწორე დაადასტურა ქართულ ენაზე მინაწერით და ხელმოწერებით. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას არ წამოჭრილა თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობა. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე ნ. ა.-ს ეჭვქვეშ არ დაუყენებია და მთლიანად დაადასტურა მისი მონაწილებით საქმის წინასწარი გამოძიების დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ობიექტურობა, საფუძვლიანია სასამართლოს დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები ამ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების ობიექტური ანალიზით სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ კ. კ.-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს მსჯავრდებულისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. ნ. ა. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნეს საქმის წინასწარი გამოძიებისას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა მიუხედავად, კ. კ. სამოქალაქო მოპასუხედ არ უცვნიათ, რაზეც სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა. შესაბამისად, მსჯავრდებულს ისე დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება. ამის გამო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას ნ. ა.-ს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გარდა სამოქალაქო სარჩელის საკითხის გადაწყვეტისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. კ.-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ კ. კ.-სათვის დაზარალებულ ნ. ა.-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.