შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 22.10.2008
საქმის ნომერი
2კ-633აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹633აპ ქ. თბილისი

22 ოქტომბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მ. ღ. , _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 26 იანვარს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ მ. ღ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2005 წლის 10 თებერვალს მ. ღ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. ამისათვის იგი 2007 წლის 10 მარტს, დაახლოებით 01.20 საათზე, შევიდა თბილისში, არმაზის ქუჩაზე, „ეჩმიაძინის» სახელობის სომხური ეკლესიის ეზოში და დააზიანა ეკლესიის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსის კარის საკეტი, რის შემდეგაც უკანონოდ შეაღწია შიგნით და ფარულად დაეუფლა იქ შენახულ, შპს „.. .. ..-ის» კუთვნილ ბეტონის ტრანსფორმატორს, ღირებულს 250 ლარად. ამის შემდეგ მ. ღ-მა ტრანსფორმატორი ეკლესიის ქუჩის ეზოდან გამოიტანა არმაზის ქუჩის შესახვევში და, ვინაიდან სიმძიმის გამო გაუჭირდა მისი შემდგომი გადაადგილება, დაბრუნდა თავის სახლში და მასთან სტუმრად მყოფ ვ. ჩ-ის სთხოვა, დახმარებოდა თითქოსდა ნაპოვნი ტრანსფორმატორის სახლამდე გადატანაში, რაზეც იგი დასთანხმდა. მ. ღ. ვ. ჩ-სთან ერთად მივიდა არმაზის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენახული ჰქონდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ტრანსფორმატორი, რომელიც ვ. ჩ-მ, მ. ღ-ის დახმარებით, ზურგზე მოიკიდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ის დააკავეს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ხოლო მ. ღ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2007 წლის 10 მარტს, დაახლოებით 20.10 საათზე, მ. ღ. გამოცხადდა ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სადაც ის დააკავეს ეჭვმიტანილის სახით.

მ. ღ-ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „.. .. ..-ის» დირექტორ ა. ს-ს მიადგა 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. ღ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 10 მარტიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ღ-მ და ითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: მ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული მ. ღ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლი; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში საუბარი არ არის 2001 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც მსჯავრი დაედო სსკ-ის 91-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. ღ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, მისთვის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტის მოხსნას და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, მ. ღ-ის ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) დაკვალიფიცირდა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, სსკ-ის 184-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში მ. ღ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა (ტ. 2, ს.ფ. 71-80).

აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის ქმედება შეაფასა არაერთგზის ქურდობად და აღნიშნა, რომ მ. ღ. 2001 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია ქურდობის ჩადენისათვის, ეს ნასამართლობა არ გაქარწყლებულა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია (ტ. 2, ს.ფ. 90).

საქმეშია თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 18 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვით მ. ღ. ცნობილია დამნაშავედ ადრე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (ტ. 1, ს.ფ. 88-89).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. ღ-ს ადრინდელი ნასამართლობა დამამძიმებელ გარემოებად ჩაუთვალა სწორედ იმის გამო, რომ იგი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნად საბრალდებო დასკვნაში არ იყო მითითებული, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სააპელაციო სასამართლო გასცდა ბრალდების ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს მ. ღ-ის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს.

მსჯავრდებულის მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა უტყუარდაა დადასტურებული საქმეში არსებული არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, მათ შორის დაზარალებულ ა. ს-ის, მოწმეების _ დ. ნ-ის, ი. გ-ის, ვ. ჩ-ის და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და თავად მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით. ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.

სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს დადგენილ, მ. ღ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ წარსულ ცხოვრებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენიდან მ. ღ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

მ. ღ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით საბოლოოდ მიესაჯოს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 10 მარტიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივ