შეწყალების საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 08.01.2009
საქმის ნომერი
2კ-776აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

776აპ. 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე.. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განაჩენზე, რომლითაც ბ. ც-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ბ. . ც-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 19 მარტიდან.

ბ. ც-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 4 მარტს ბ. ც-ი მეგობარ ლ. ჩ-თან ერთად დაუკავშირდა ამ უკანასკნელის ნაცნობს, გ. F-ს და შეთანხმდნენ, რომ საღამოს საათებში, დროის გატარების მიზნით, შეხვედროდნენ ერთმანეთს. შეთანხმებისამებრ, 2007 წლის 5 მარტს, დაახლოებით 2 საათზე, ბ. ც-ი და ლ. ჩ.ი ა/მანქანით „ფორდ მონდეო“, სახ. ¹....., რომელსაც მართავდა ლ. ჩ-ი, შეხვდნენ გ. F-ს თბილისში, ვაჟა-ფშაველას .... კვარტლის ..... კორპუსთან, ჩაისვეს იგი ავტომანქანაში და გაემართნენ მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიისკენ. სუპერმარკეტ „.....“ შეიძინეს ლუდი და მივიდნენ საცურაო აუზის _ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათი საუბრობდნენ ავტომანქანაში და სვამდნენ ლუდს. დაახლოებით 06.00 საათისათვის მათ გადაწყვიტეს სახლში წასვლა. ლ. ჩ-მა და ბ. ც-მა გ. F-ე მიიყვანეს ვაჟა-ფშაველას ... კვარტლის, ..... კორპუსთან, სადაც იგი ბ. ც-თან ერთად გადავიდა ავტომანქანიდან. აღნიშნული კორპუსის ¹2 სადარბაზოში ბ. ც-სა და გ. F-ს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ბ. ც-მა განიზრახა გ. F-ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯიბიდან ამოიღო თანნაქონი დანა და რამდენჯერმა დაარტყა გ. F-ეს მუცლის, გულმკერდისა და ზურგის არეში, რის შემდეგაც დანა იქვე გადააგდო, ჩაუჯდა ავტომანქანაში ლ. ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ფ-ე გადაიყვანეს თსუ-ს ცენტრალურ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ა. ჟ-მა. აპელანტები ითხოვდნენ ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, ვინაიდან მსჯავრდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბ. ც-ს წარსული, რომელიც არაფრით არ არის შებღალული, არ ჩაატარა დახურული სასამართლო სხდომა, რის გამოც ვერ დადგინდა სიმართლე და მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა უკანონო განაჩენის გაუქმება და საქმის გაგზავნა ახალი სასამართლო განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. ც-ს დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ბ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ე. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის გაგზავნის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ბ. ც-ის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებით, როდესაც აღნიშნავს, რომ, მართალია, იგი გააღიზიანა გ. F-ის უცნაურმა მოქმედებამ, მაგრამ მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დაზარალებულ გ. F-ის ჩვენებით, მოწმეების _ მ. მ-ს, ლ. ჩ-ის ჩვენებებით, 2007 წლის 22 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹... დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით მსჯავრდებული ბ. ც-ი შეწყალებულ იქნა და საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან (7 წლით თავისუფლების აღკვეთიდან) მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი _ 5 წელი, 3 თვე, 2 დღე _ გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის OI ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ცი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან (7 წლით თავისუფლების აღკვეთიდან) მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი – 5 წელი, 3 თვე, 2 დღე თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით, 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 17 დეკემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.