შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 08.01.2009
საქმის ნომერი
2კ-1043აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1043აპ. 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქი-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. G-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ზ. ქ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განაჩენით ზ. . ქ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლებები.

განაჩენით ზ. ქ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდგში:

ზ. ქი-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

2008 წლის 19 იანვარს ზ. ქ-ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, .....ს მე-3 მ/რ-ის, მე-3 კვარტლის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლციიის მე-3 განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე იგი დააკავეს ეჭვმიტანილის სახით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში მის მიმართ არსებული ეჭვის გამო. დაკავების დროს ზ. ქ-ი შეეცადა მიმალვას და გადააგდო ხელთ არსებული ქაღალდის ხვეული, მასში მოთავსებული მოყავისფრო, ფხვნილისმაგვარი ნივთიერებითა და ე.წ. ინსულინის შპრიცით.

საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის ¹... დასკვნის თანახმად, ზ. ქ-ის დაკავების დროს ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით _ 0, 0610 გრამს.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. აპელანტმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, რომ მან აღიარა დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში. ადვოკატმა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მოცემული დანაშაულისათვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის შეფარდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ქ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა ითხოვეს ზედმეტად მკაცრი განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. ქ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით მსჯავრდებული ზ. ქ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ზ. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულების საფუძველზე ზ. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.