შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1315აპ თბილისი
20 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენით ვ. ბ-ე, _საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობითა და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 18.30 საათზე, თბილისში, მდებარე საერთო საცხოვრებელი კორპუსის წინ ვ. ბ-ემ უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აღნიშნული კორპუსის წინ შეგროვილი, დაახლოებით 30 კაცის მიმართ აშკარა უპატივცემულობა, კერძოდ: უცენზურო სიტყვებით მიმართავდა იქ მყოფ საზოგადოებას და ძალადობით, დანის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა დაზარალებულებს _ კ. ლ-სა და თ. ლ-ას. მისი ხულიგნური ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ვ. ბ-ემ თავის ხელთ არსებული დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ. გ-ას მიაყენა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ. გ-ა ფაქტის შემსწრე პირებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა სიკვდილს.
აღნიშნული ქმედებისათვის ვ. ბ-ეს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით მიესაჯა 8 წლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. თ-მა. მან ითხოვა ვ. ბ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის განსაზღვრა მსჯავრდებულის წარსულის, პირადი და ოჯახური მდგომარეობისა და ყოფაქცევის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. თ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარეობას, რომ ვ. ბ-ემ რეალურად ჩაიდინა ხულიგნობა, კერძოდ, სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ვ. ბ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 122-ე მუხლით, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის განსაზღვრას მსჯავრდებულის წარსულის, პირადი და ოჯახური მდგომარეობისა და ყოფაქცევის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ვ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა მისი დამცველის, ადვოკატ ა. თ-შვილის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ ვ. ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებული ვ. ბ-ე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვ. ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე ვ. ბ-ის მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.