საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-1498აპ.-08 ქ. თბილისი
13 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ზ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განაჩენით პ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციი) _ 8 წლით, 133-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. ზ-ს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: პ. ზ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 133-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელის მოხდისაგან იგი გათავისუფლდა სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის სსკ-ის 71-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის გამო. პ. ზ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 7 აპრილიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. ზ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.