გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 28.07.2009
საქმის ნომერი
2კ-233აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

233აპ-09 ქ. თბილისი

28 ივლისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განაჩენზე ე. ტ-ისა და ს. გ-ას მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

1. ე. ტ-ს _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», „ბ» და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით. ე. ტ-ს განესაზღვრა 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა «ოპელ-ვექტრა»;

2. ს. Gგ-ას _ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», „ბ» და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით. ს. გ-ას განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით;

ე. ტ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 31 იანვრიდან, ხოლო ს. გ-ას _ 2008 წლის 7 თებერვლიდან.

ამავე განაჩენით ფ. ღ-ე და რ. Bბ-ი დაუსწრებლად ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯათ: ფ. ღ-ეს _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, ხოლო რ. Bრ-ს _ 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ოთხივე მსჯავრდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 36 980 აშშ დოლარისა და 8 500 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე _ 5 800 ლარის გადახდა.

მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

ე. ტ-ი, ს. Gგ-ა, ფ. ღ-ე და რ. Bბ-ი, შეთანხმდნენ რა წინასწარ, 2008 წლის 31 იანვარს, 3 საათიდან და 4 საათამდე დროის მონაკვეთში, დაუდგენელ ორ ნიღბიან პირთან ერთად, ე. თ-ის კუთვნილი „OPEL“-ის მარკის ავტომაქანით მივიდნენ ქ. ბათუმში, ბ-ს ქუჩის ¹...-ში მდებარე შპს „-....-ის“ ოფისთან, კარების შენგრევის გზით შეაღწიეს შენობაში და დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ დარაჯს _ ნ. ნ-ეს, რომელსაც შეუკრეს ხელები. ოფისის შენობის მეორე სართულზე მდებარე დირექტორის კაბინეტში ბოროტმოქმედები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ რკინის სეიფს და მასში მოთავსებულ 42000 აშშ დოლარს, 6000 ევროს, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს ორი მჭიდითა და 40 საბრძოლო ვაზნით და შპს-ს დოკუმენტაციას, ასევე _ საეკლესიო შანდალს, საოფისე დანას, ორ წყვილ კამათელს და კომპიუტერის ე.წ. მყარ დისკს, ხოლო შპს-ს ბუღალტრის კაბინეტში დაეუფლნენ 1800 ლარად ღირებულ „...“-ის ფირმის კომპიუტერს. აღნიშნული ნივთები თავდამსხმელებმა მოათავსეს ე. ტ-ს კუთვნილ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ე. ტ-სა და ს. Gტ-ს ადვოკატებმა _ ე. მ-ემ და ს. რ-ემ. აპელანტებმა მოითხოვეს ე. ტ-ის ქმედების სსკ-ის 376-ე მუხლით დაკვალიფიცირება და ს. გ-ას გამართლება სსკ-ის 237-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 იანვრის განაჩენით ს. გ-ას დამცველის საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ე. ტ-ის ადვოკატის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული განაჩენიდან ე. ტ-სა და ს. გ-ას მიმართ ამოირიცხა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები და ამ მუხლით დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა. ე. ტ-ი და ს. გ-ა გამართლდნენ სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ე. ტ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ს. გ-ას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. მას საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ პროკურორი გ. დ-ი თავის საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ე. ტ-ის გამართლების მოტივად აღნიშნა მტკიცებულებათა არ არსებობა, ხოლო ს. გ-ას შესახებ მიუთითა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მისაკუთრების მიზანი არ ჰქონდა. ბოროტმოქმედები დაეუფლნენ სეიფსაც, რომელშიც თანხასთან ერთად იდო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურორის აზრით, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე სეიფი არ გახსნილა, მისი დაუფლებისას თავდამსხმელებს ამოძრავებდათ არა მხოლოდ თანხის, არამედ სეიფში არსებული და იმ დროისათვის უცნობი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც განხორციელდა კიდეც. ის გარემოება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ინახებოდა ს. გ-ს საცხოვრებელ სახლში, გამოწვეული იყო დაუფლებული ნივთების ურთიერთშორის განაწილებით. პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ გასარკვევია, რამდენად კანონიერია პირის გამართლებისას განზრახვაზე მითითება ნივთის მისაკუთრებასთან დაკავშირებით, როდესაც სახეზეა მესაკუთრისაგან ამ ნივთის ამოღება და როდესაც პირს სურს სხვისი ნივთების, მიუხედავად მათი სახეობისა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელი მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის გაგზავნას ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა და თავად კასატორიც აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებმა არ იცოდნენ გატაცებულ სეიფში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის არსებობის შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლება, სსკ-ის 237-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, თუკი პირს არ ამოძრავებს ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების მიზანი და, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, შემთხვევით ამგვარი იარაღი აღმოჩნდება უკვე დაუფლებულ ნივთებს შორის, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დანაშაულის ამა თუ იმ საგნით დაფუძნებული რომელიმე მუხლით. მხოლოდ მესაკუთრისაგან ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ ამოღების გათვალისწინებით პირის პასუხისგებაში მიცემა სხვა არაფერია, თუ არა ქმედების ობიექტური შერაცხვა, რაც დაუშვებელია ზოგადსამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე. სწორედ ამის გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია არა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ბრალეული ქმედებაც. რაც შეეხება იარაღის მისაკუთრების მიზნის არ არსებობას, რაზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, იგი არ გამორიცხავს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რამდენადაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისას მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოტივებს.

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია, რადგან ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს და მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.

ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, კერძოდ:

დაზარალებულის დამცველი მიუთითებს, რომ თავდამსხმელებმა გაიტაცეს 780 აშშ დოლარად ღირებული სეიფი, 42 000 აშშ დოლარი, 10 000 ევრო, ორი კომპიუტერი, თითოეული ღირებული 2 800 ლარად, ე.წ. ჩიპი, ღირებული 600 აშშ დოლარად. დაზარალებულმა ასევე მოითხოვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 200 ლარის ანაზღაურება, მთლიანობაში კი ოთხივე მსჯავრდებულისათვის 43 380 აშშ დოლარის, 10 000 ევროსა და 5 800 ლარის გადახდის დაკისრება (ტ. 2, ს.ფ. 150). საბრალდებო დასკვნით დადგენილია, რომ ბოროტმოქმედებმა, სხვა ნივთებთან ერთად, გაიტაცეს 6 000 ევრო და 1 800 ლარად ღირებული კომპიუტერი.

გასაჩივრებული განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს დაუბრუნდა 6 500 აშშ დოლარი და 1500 ევრო, მსჯავრდებულებს დაეკისრათ 36 980 აშშ დოლარის, 8500 ევროს ეკვივალენტი ლარის და 5 800 ლარის გადახდა.

ორივე ინსტანციის სასამართლომ არაფრით დაასაბუთა თანხის აღნიშნული ოდენობა. კერძოდ, თავად დაზარალებულმა სასამართლოში განმარტა, რომ სეიფში იდო 42 000 აშშ დოლარი და 6 000 ევრო, თუმცა თავის სარჩელს მხარი დაუჭირა (ტ. 3, ს.ფ. 13). გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ მოთხოვნილი თანხაში დაზარალებული მიუთითებდა სეიფის ღირებულებასაც, რომელიც, მართალია დაზიანებული, მაგრამ დაუბრუნდა დაზარალებულს. გაურკვეველია, რამდენი კომპიუტერი გაიტაცეს და რის საფუძველზე დადგინდა ერთი კომპიუტერის საფასური _ 2 800 ლარი, როდესაც საბრალდებო დასკვნით გატაცებულია ერთი კომპიუტერი და მისი ღირებულება 1 800 ლარით განისაზღვრა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ 43 380 აშშ დოლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, როდესაც მოსარჩელეს დაუბრუნდა 6 500 აშშ დოლარი, მსჯავრდებულებს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ 36 880 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად განაჩენში მითითებული 36 980 აშშ დოლარისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით ზიანის ოდენობა სათანადოდ არ დადგენილა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. ამის გამო, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სასჯელების დანიშვნის ნაწილში _ სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განაჩენი ე. ტ-სა და ს. გ-ას მიმართ გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.