შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
61საზ თბილისი
16 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განაჩენით დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება: დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებული დ. ბ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ბ-ის ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, დ. ბ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი განსაზღვრულია მის მიერ ჩადენილი ქმედების იმ ნაწილის კვალიფიკაციის საფუძველზე, რომლის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი რჩება უცვლალად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ ზემომითითებულ გარემოებათა გამო, მისი ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში ა. პ-ის მიმართ, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და ა. პ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და ა. პ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.