შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 09.06.2009
საქმის ნომერი
22საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹22/საზ-09 ქ. თბილისი

9 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ღ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 21 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა. ღ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან.

მსჯავრდებული ა. ღ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ა. ღ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: «თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში".

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ღ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტთან და შესაბამისად დანიშნული სასჯელიც უნდა შეუმცირდეს 3 წლით, საბოლოოდ ა. ღ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ღ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ა. ღ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 21 მაისიდან.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.