დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-21-I ქ. თბილისი
4 ივნისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ ი. დონდოლაძის
ადვოკატ _ ზ. ჯ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის
თარჯიმან _ ვ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ ჯორჯიაშვილის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 31 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ და ითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ორი თვით, 2010 წლის 7 აგვისტომდე გაგრძელება.
შუამდგომლობის თანახმად, 2010 წლის 7 იანვარს, 12 საათსა და 32 წუთზე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში, ჩხობაძის ქ.¹. ¹დააკავეს ს. მ-ი, რომელიც იძებნება უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს დადგენილება, რომლის თანახმად გაიცა ს. მ-ის სასამართლოში წარდგენის მიზნით მისი დაკავების ნებართვა.
ამასთან, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარუდგინა ქ. პოლტავის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც სასამართლოს წარმოებაში არსებული სხვა სისხლის სამართლის საქმის (¹1-736/06; წინასწარი გამოძიების ¹06236102) მიზნებისათვის გამოცხადდა ს. მ-ის ძებნა, მისი შემდგომი დაკავებისა და სასამართლოში წარდგენისათვის.
2010 წლის 8 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ს. მ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და იგი მოათავსეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში.
2010 წლის 28 იანვარს ფაქსის მეშვეობით, ხოლო ამავე წლის 9 თებერვალს ფოსტის საშუალებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრის შუამდგომლობები თანდართულ მასალებთან ერთად ს. მ-ის ექსტრადიციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 31 მარტის ბრძანებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის შუამდგომლობის საფუძველზე, ს. მ-ს გაუგრძელდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით, ხუთ თვემდე, 2010 წლის 7 ივნისამდე.
2010 წლის 20 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ დაკმაყოფილდა ს. მ-ის უკრაინაში ექსტრადიციის მოთხოვნა, მის მიერ უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 23 ივნისის ეპიზოდი, 2006 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ვარაუდის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ამავე დადგენილებით უკრაინის გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვა ს. მ-ის უკრაინაში ექსტრადიციაზე უკრაინის სსკ-ის მე-15 მუხლის II ნაწილით – 307-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ს. მ-ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე, ჩადენილი არაერთგზის (დანაშაული, გათვალისწინებული უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლის II ნაწილით);
ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ჩადენილი არაერთგზის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა უკრაინის სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაული, გათვალისწინებული უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლით);
ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების დაუმთავრებელი მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა უკრაინის სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაული, გათვალისწინებული უკრაინის სსკ-ის მე-15 მუხლის III ნაწილით _ 307-ე მუხლის II ნაწილით).
გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2010 წლის 8 იანვრის ბრძანების საფუძველზე ს. მ-ის მიმართ შეფარდებული სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ორთვიანი ვადა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გონივრულად იქნა გამოყენებული. კერძოდ:
ს. მ-ის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მიღებამდე მთავარი პროკურატურა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ს. მ-ის უკრაინაში ექსტრადიციაზე. ამასთან, დროის აღნიშნულ პერიოდში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, ითვლებოდა თუ არა ს. მ-ი საქართველოს მოქალაქედ და სარგებლობდა თუ არა იგი საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრით.
2010 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ უკრაინის გენერალური პროკურატურიდან და უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები იმის შესახებ, „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში“ მითითებულ რომელ ნარკოტიკულ საშუალებას შეესაბამებოდა ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ნარკოტიკული საშუალება „აცეტილირებული ოპიუმი“.
აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ, 2010 წლის 20 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოიტანა დადგენილება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობების დაკმაყოფილებისა და სოფიკო შოთას ასული მეტრეველის უკრაინაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიერ უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 23 ივნისის ეპიზოდი; 2006 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ვარაუდის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ხოლო უკრაინის სსკ-ის მე-15 მუხლის II ნაწილით _ 307-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ს. მ-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვა მის უკრაინაში ექსტრადიციაზე.
აღნიშნული დადგენილების ასლი, რუსულ თარგმანთან ერთად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ჩაჰბარდა 2010 წლის 24 მაისს. ს. მ-ს ასევე განემარტა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებები ექსტრადიციის შესახებ დადგენილების გასაჩივრების წესისა და ვადების შესახებ.
არსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის 2010 წლის 20 მაისის დადგენილება ს. მ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა ორი თვით, შვიდ თვემდე, 2010 წლის 7 აგვისტომდე.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ-ლი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ს. მ-ის მიმართ საპატიმრო ვადის გაგრძელება სრულიად უსაფუძვლოა. მას ეზღუდება უფლება, შეხვდეს თავის მცირეწლოვან შვილს, რომელიც იმყოფება საქართველოში, რის გამოც განიცდის სულიერ ტანჯვას. ის გარემოება, რომ საექსტრადიციო პროცედურების დასრულებისათვის ხუთთვიანი პატიმრობის ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბრძანების დასაბუთების ლოგიკურ არგუმენტად; ასევე არ შეიძლება პატიმრობის ვადის გაგრძელება დასაბუთდეს იმ მოტივით, რომ ს. მეტრეველმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და დადგენილება ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ გაასაჩივრა სასამართლოში.
ამასთან, ადვოკატი საჩივარში აღნიშნავს, რომ 2010 წლის 20 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დააკმაყოფილა ს. მეტრეველის უკრაინაში ექსტრადიციის მოთხოვნა, რომელიც საპროცესო ნორმების შესაბამისად გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ მოტივით, რომ ს. მეტრეველის მიმართ შერაცხული ბრალდება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი არ არის, ნივთიერება, რომლის შენახვა-შეძენისას ს. მეტრეველს წარდგენილი აქვს ბრალდება ,,აცეტილირებული ოპიუმი” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ე.წ. ნუსხაში მითითებული არ არის, ხოლო თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, საჭიროებს დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოში ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვას, რათა ზუსტად დადგინდეს ნივთიერების ქიმიური და ფიზიკური თვისებები, რის შემდეგაც დადასტურდება არის თუ არა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე ნარკოტიკული საშუალების შემცველობა.
საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ-ლმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანების გაუქმება, რასაც დაეთანხმა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ს. მ-ი.
საკასაციო პალატის სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრძანება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის 7 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში, ჩხობაძის ქ.¹-ში დააკავეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. მ-ი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2010 წლის 8 იანვრის ბრძანების საფუძველზე ს. მ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. აღნიშნული ვადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის 2010 წლის 31 მარტის ბრძანებით გაგრძელდა კიდევ ორი თვით ხუთ თვემდე, 2010 წლის 7 ივნისამდე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საექსტრადიციო პატიმრობის ზემოაღნიშნული დამატებითი ორთვიანი პერიოდი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გონივრულად იქნა გამოყენებული. მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ პერიოდში მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, ითვლებოდა თუ არა ს. მ-ი საქართველოს მოქალაქედ და სარგებლობდა თუ არა იგი საქართველოში ლტოლვილის სტატუსით ან მოთხოვნილი ჰქონდა თუ არა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი.
2010 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ უკრაინის გენერალური პროკურატურიდან და უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები იმის შესახებ „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში“ მითითებულ რომელ ნარკოტიკულ საშუალებას შეესაბამებოდა ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ნარკოტიკული საშუალება „აცეტილირებული ოპიუმი“. აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ, 2010 წლის 20 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოიტანა დადგენილება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობების დაკმაყოფილებისა და ს. მ-ის უკრაინაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიერ უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 23 ივნისის ეპიზოდი; 2006 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ვარაუდის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ხოლო უკრაინის სსკ-ის მე-15 მუხლის II ნაწილით _ 307-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ს. მ-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვა მის უკრაინაში ექსტრადიციაზე.
აღნიშნული დადგენილება ს. მ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც მხარეების განმარტებით, დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული ბრძანების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ, მართალია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გონივრულად გამოიყენა ექსტრადიციის განხილვისათვის განკუთვნილი დრო, თუმცა საექსტრადიციო საკითხების გასარკვევად, საექსტრადიციო პატიმრობის დამატებითი ორთვიანი პერიოდი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ყველა საექსტრადიციო პროცედურის დასრულებისათვის, ვინაიდან ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ს. მ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადაციო პატიმრობის ვადა კი იწურება 2010 წლის 7 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან საექსტრადიციო პროცედურები ამ ეტაპზე საბოლოოდ არ არის დასრულებული ექსტრადიციის განხორციელებისათვის არსებული საჭიროების გამო, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სხვა სახე ვერ უზრუნველყოფს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სათანადო ქცევას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება ს. მ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ორი თვით, შვიდ თვემდე, 2010 წლის 7 აგვისტომდე გაგრძელების თაობაზე კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება, რომლითაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა ორი თვით, შვიდ თვემდე, 2010 წლის 7 აგვისტომდე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.