საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.03.2011
საქმის ნომერი
2კ-1-I-11
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1I-11 22 მარტი, 2011 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2010 წლის 8 ნოემბერს მსჯავრდებულმა ნ. მ-მ და მისმა დამცველმა რ. რ-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იმავდროულად წარადგინეს შუამდგომლობა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. რ. რ-ს განმარტებით, საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვება გამოიწვია მისი მცირეწლოვანი შვილების გართულებულმა ავადმყოფობამ და აგრეთვე მსჯავრდებულთან უშუალო კონტაქტის არქონამ, მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან თავად მსჯავრდებულსაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც იგი მოკლებულია თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მის დამცველს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა ნ. მ-მ და მისმა დამცველმა რ. რ-მ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ისინი საჩივრით ითხოვენ საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდათ კერძო სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში, რის შესახებაც, კანონიდან გამომდინარე, ცნობილი იყო ადვოკატ რ. რიჟამაძისათვის. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მან საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა მცირეწლოვანი შვილების გართულებული ავადმყოფობისა და მსჯავრდებულთან შეხვედრის შეუძლებლობის გამო, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა.

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მის დამცველს უარი ეთქვა არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მის დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მის დამცველს, ადვოკატ რ. რ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

საკასაცი პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.