საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
14საზ-11 ქ. თბილისი
16 მარტი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 31 მარტის განაჩენით ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება არაერთგზის, რისთვისაც საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულმა ა. დ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ითხოვა პროკურატურის ორგანოებისათვის საქმის გამოძიების დავალების მიცემა, გამართლება და დარბაზიდან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ა. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საკასაციო საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ა. დ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მას არ გააჩნია სამოტივაციო ნაწილი, შეიცავს მხოლოდ საპროცესო ნორმების მშრალ გამეორებას და დასკვნას, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს ამ ნორმების მოთხოვნებს, კონკრეტული მოსაზრებები კი, თუ როგორ მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, განჩინებაში საერთოდ არ არის მითითებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა. დ-ი, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მის მიერ დაყენებული შუამდგომლობის არსებითად განსახილველად დაშვების მითითებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ბ” და “ზ” პუნქტების შესაბამისად, განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რასაც საფუძვლად დაედო გადასასინჯი განაჩენი, ან თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
შუამდგომლობის ავტორი მოითხოვდა საქმის არსებითად განხილვისას, მისივე აზრით, მრავალი და არსებითი კანონდარღვევის სამართლებრივ შეფასებას, ფაქტობრივად _ საქმის ხელახლა განხილვას, რის თაობაზეც სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.