დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.03.2006
საქმის ნომერი
2კ-130კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹130-კოლ 23 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ნ. კვანტალიანი

განიხილა მსჯავრდებულ ჰ. Gგ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ჰ. Gგ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 აპრილის განაჩენით ჰ. Gგ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მასში, რომ ჩაიდინა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, ასევე _ საქართველოს საბაჟო საზღვარზე რადიაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის მცდელობა, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 13 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰ. Gგ-მა დაუდგენელი პირისაგან, დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ორი, 6 სმ დიამეტრის, ოვალური, ცილინდრის ფორმის, დაახლოებით 400 გრ, 1900 მიკრორენტგენი საათში რადიაქტიური გამოსხივების რადიაქტიული ნივთიერებები: ტრანსურანული ელემენტის ლორენსიუმის იზოტოპი 103Lრ264 და ტრანსურანული ელემენტი ნეპტუნიუმი 93Nპ237. ჰ. Gგ-მა განიზრახა აღნიშნული რადიაქტიური ნივთიერებების სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოტანა, რისთვისაც ქ. ერევნის ავტოსადგურში ყოფნისას უკანონოდ შეინახა ისინი მისი ტყავის ქურთუკის ჯიბეში და იმავე დღეს მიკროავტობუსით უკანონოდ გადაზიდა საქართველოს მიმართულებით. 2004 წლის 13 მარტს ჰ. გ-მა აღნიშნული მიკროავტობუსით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლის განყოფილება „სადახლოს» გავლით შეეცადა, აღნიშნული რადიაქტიული ნივთიერება წესის დარღვევით გადმოეტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, რა დროსაც იგი შეაჩერა სასაზღვრო განაწესმა.

ჰ. გ-ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 13 მარტიდან.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ჰ. გ. და მისი ადვოკატი _ გ. ყ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტების შესაბამისად მსჯავრდებულის მიმართ საქმის შეწყვეტას, იმ მოტივით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და მას საფუძვლად უდევს ვარაუდი.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ე. ს-მა საჩივრებს მხარი დაუჭირა და მოითხოვა ჰ. გ-ის მიმართ განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმება და საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ იგი ემყარება მხოლოდ ვარაუდს.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. გ-მა საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ჰ. გ-ის მიმართ განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მის მიერ დანაშაულის ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრების მოტივს იმის შესახებ, რომ ჰ. გ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით უტყუარადაა დადგენილი მის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

ჰ. გ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლოში განმარტა, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე თბილისიდან ერევანში მგზავრობისას გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ირანის მოქალაქე აღმოჩნდა. გაირკვა, რომ მას ქ. თბილისში საბუთები მოპარეს და ირანში მიემგზავრებოდა. სციოდა და ქ. ერევანში ჩასვლისას ქურთუკი დაუტოვა იმ პირობით, რომ მეორე დღეს დაუბრუნებდა. დილით ირანელმა დაურეკა, სთხოვა შეხვედროდა, რათა ქურთუკი გადაეცა. ქურთუკის წამოსაღებად შვილი გააგზავნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დათქმულ ადგილზე ირანელი ვერ ნახა. მეორე დღეს, დაახლოებით 08 საათზე დაურეკა უცნობმა პირმა, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. მოილაპარაკეს და ერთმანეთს შეხვდნენ. მისვლისას შენიშნა «ვაზ-2107» მარკის ტაქსი, რომლის გვერდით იდგა მძღოლი. მან გააღო უკანა კარი და უთხრა, რომ იქ იდო მისი ქურთუკი. ქურთუკი მისი არ აღმოჩნდა, რის შესახებაც მაშინვე უთხრა უცნობს. მან უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. იფიქრა, რომ ქურთუკი მგზავრობისას გაცნობილმა ირანელმა გამოუგზავნა, მაგრამ ეს მძღოლმა უარყო. ქ. ერევანში სიცივე იყო, თბილისში უნდა წამოსულიყო და ქურთუკი ჩაიცვა. სამარშუტო ტაქსით ქ. თბილისში გაემგზავრა. სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლის განყოფილება „სადახლოსთან» შეაჩერა სამხედრო ფორმიანმა პირმა, რომლის თხოვნით ჯიბეში არსებული ნივთები მაგიდაზე დააწყო. შემდეგ ქურთუკის გახდა უბრძანეს. ასეც მოიქცა. ქურთუკის გახეული სარჩულის ძირში რაღაც ნივთი აღმოჩნდა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერატიულმა თანამშრომელმა მ. ჯ-მა სასამართლოში განმარტა, რომ სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლის განყოფილება „სადახლოს» ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საზღვართან გაჩერდა სომხეთის მხრიდან მოსული სამარშუტო ტაქსი. მგზავრებმა გაიარეს საპასპორტო კონტროლი. იქვე დამონტაჟებულია დანადგარი, რომელიც მაღალ რადიაქტიურ გამოსხივებას აფიქსირებს. დანადგართან გავლისას გაისმა სიგნალი, რის გამოც ჰ. გ. შეაჩერეს. ამ უკანასკნელმა მის წინადადებაზე წარმოადგინა ორი მყარი საგანი და მაგიდაზე დაალაგა. შემოწმებისას გაირკვა, რომ ნივთების რადიაქტიული გამოსხივება დაშვებულ ნორმას რვაჯერ აღემატებოდა.

სასამართლოში ჰ. გ-მა განაცხადა, რომ მ. ჯ-მა სწორი ჩვენება მისცა.

2004 წლის 14 მარტის ოქმის შესაბამისად, დამსწრეთა მონაწილეობით ჰ. გ-ისაგან ამოღებულ იქნა რადიაქტიული გამოსხივების მქონე ცილინდრული ფორმის ორი საგანი.

ექსპერტიზის 2004 წლის 23 მარტის დასკვნის შესაბამისად, ამოღებული საგნები წარმოადგენენ ტრანსურანულ ელემენტ ლოურენსიუმის იზოტოპს 103Lრ264 და ტრანსურანულ ელემენტ ნეპტუნიუმს 93Nპ237. ორივე ნივთიერება რადიაქტიურია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები სასამართლო კოლეგიამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მსჯავრდებულ ჰ. გ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 აპრილის განაჩენი ჰ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.