განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ 295-აპ 13 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
მონაწილეობით, განიხილა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ. ო-სა და დაზარალებულ ა.ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ა. გ-ვი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ა. გ-ვს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2000 წლის 4 ოქტომბერს, კასპის რაიონის სოფელ ---ში, ძმის _ ბ. გ-ის მიერ დამზადებული 10 ტონა ტყავის რეალიზაციისას, ა. გ-მა მიიღო რა 9000 აშშ დოლარი ა.ი-საგან, ამ უკანასკნელს არ გაატანა ტყავი იმ მოტივით, რომ ა. ი-ის ძმას _ ი. ი-ვს მისი ვალი ჰქონდა 5000 აშშ დოლარის ოდენობით და 9 ოქტომბერს დაუბრუნა მხოლოდ 4000 აშშ დოლარი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის განაჩენით ა. გ-ვს მოეხსნა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა გაუქმდა.
დაზარალებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და ხ. კ-ამ, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის უფროსმა თანაშემწე _ ფ. მ-ემ განაჩენი გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.
ადვოკატები ზ. რ-ლი და ხ. კ-ია საჩივრით ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ განაჩენი იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, არ არსებობდა არავითარი საფუძველი ა. გ-ის უდანაშაულოდ ცნობისათვის; მათი აზრით, ა. გ-ის მიერ ჩადენილია არა თვითნებობა, არამედ უფრო მძიმე დანაშაული _ თაღლითობა.
პროკურორი ფ. მ-ძე საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
გამართლებული ა. გ-ვი შესაგებლით ითხოვდა განაჩენის ძალაში დატოვებას.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი თ. ო-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
დაზარალებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები; მისი აზრით, არასრულყოფილად ჩატარდა გამოძიება, არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ცვლილებით. კერძოდ, იშუამდგომლა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ხელახალი განხილვისა და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის მიზნით.
პალატის სხდომაზე დაზარალებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება რაიონულ სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის, რასაც მხარი დაუჭირა დაზარალებულმა ა. ი-მა.
პალატის სხდომაზე ა. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან დადგენილი გამამართლებელი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა გამართლებული ა. გ-ვი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, საჩივართა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. გ-ის ბრალდების საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს მიერ არ არის გარკვეული მტკიცების საგნის ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. განაჩენიდან არ ჩანს, თუ რა მიიჩნია სასამართლომ საბოლოოდ დადგენილად. სასამართლოს თითოეული მტკიცებულება არ შეუფასებია, რათა გარკვეულიყო მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ, დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას, მტკიცებულებათა უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის.
განაჩენში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული იმის შესახებ, რომ სასამართლო არ იზიარებს არც ერთი მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რადგან წინააღმდეგობრივია. განაჩენში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს წინააღმდეგობები, რატომ არ იქნა მიღებული სარწმუნოდ თითოეული მათგანი. განაჩენიდან ასევე არ ჩანს საოლქო სასამართლომ რა სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით დადგენილ გარემოებას, რომ: “საქმის მასალებით დასტურდება, რომ მათ შორის იყო სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, ნასყიდობის ხელშეკრულება”.
ამასთან, განაჩენში სარწმუნოდ იქნა მიღებული მოწმის სახით დაკითხული პროკურორ ნ. ც-ის ჩვენება, მაშინ, როდესაც განაჩენიდან არ ჩანს, მოწმის ჩვენების სარწმუნოდ მიღების შემთხვევაში რა გარემოებები იქნა დადგენილი ამ ჩვენებით.
სასამართლოს განაჩენში არ არის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დაედო საფუძვლად ა. გ-ის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში _ თვითნებობაში.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ თუნდაც ყოფილიყო ა. ი-ის ძმის _ ნ. ი-ის მხრიდან ვალის არსებობის ფაქტი, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი აღნიშნული არ წარმოადგენს ა. გ-სთვის თვითნებობის თაობაზე წარდგენილი ბრალდების გამომრიცხველ გარემოებას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი, სრულყოფილი განხილვისა და შეკრებილ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.
დაზარალებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ა. გ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.