შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 14.11.2006
საქმის ნომერი
2კ-373აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 373-აპ 14 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი,ი. ტყეშელაშვილი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. გ-ვს საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ისეთი ქმედებისათვის როგორიცაა ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ასევე, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006წ. 8 თებერვლის განაჩენით ს. გ-ვი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან, იგი დამნაშავედ ცნო სხვა ბრალდებების მიხედვით, ხოლო სასჯელის ზომად მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

1998წ. 6 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით ს. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. რუსთავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის დადგენილებით ს. გ-ვი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით, ვადაზე ადრე, 1 წლის, 5 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

ს. გ-ვი 2005წ. 2 თებერვალს ქ. გორიდან ჩამოვიდა ქ. თბილისში. მან გადაწყვიტა ქურდობის ჩადენა და, თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2005წ. 4 თებერვალს, 18 საათზე იგი მივიდა ქ. თბილისში, --- ბინა 49-სთან, ლოჯიის ფანჯრის სარკმლიდან ნიღბით უკანონოდ შეაღწია ბინაში, სადაც ეძინათ დაზარალებულ მ. ბ-სა და მისი ოჯახის წევრებს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იგი ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ _ 180 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, ოქროს ძეწკვსა და 100 ლარად ღირებულ შავთვლიან ვერცხლისფერ ბეჭედს, რა დროსაც ის შეამჩნია ოჯახის დიასახლისმა ლ. ო-ემ და იგი დაკავებულ იქნა მისი შვილის _ მ. ბ-ის მიერ. საპატრულო პოლიციის მუშაკებმას. გ-ვი გადაიყვანეს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს --- განყოფილებაში და ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა აღნიშნულ ბინაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მიერ ფარულად დაუფლებული ოქროს ჯვარი და ძეწკვი, აგრეთვე, ვერცხლისფერი ბეჭედი შავი თვლით, მისი კუთვნილი ხელის ფანარი, ხელთათმანები და ე.წ. «კოლგოტი». აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ მ. ბ-ეს მიადგა 280 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. გ-მა, რომელიც შემამსუბუქებელ გარემოებებზე მითითებით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006წ. 10 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ს. გ-ვს უარი უთხრა მის მოთხოვნაზე სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ს. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით კასატორი ითხოვს მის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მას აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, გაიზარდა მშობლების გარეშე ახალგორის საბავშვო სახლში, ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, იმ პერიოდში, როცა დანაშაული ჩაიდინა, იყო უმუშევარი და იმყოფებოდა ეკონომიკურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მას გამოუვალმა მდგომარეობამ უბიძგა დანაშაულის ჩადენისაკენ, დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურა, გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ს. გ-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ იმ შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც მითითებული აქვს საკასაციო საჩივარში, ითხოვს სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ ს. გ-ვი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისათვის. საბოლოოდ მან ითხოვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ს. გა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა უწინარესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2006წ. 8 თებერვლის განაჩენით ს. გ-ვი სწორად გაამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ, შეცდომით, თავისი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით ს. გ-ვს კვლავ შერაცხა აღნიშნული ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ეს უკანასკნელი უნდა ამოირიცხოს გასაჩივრებული განაჩენიდან.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საბრალდებო დასკვნას, ასევე, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებს, რომლებშიც მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება სამართლებრივად შეფასებულია როგორც დამთავრებული ქურდობა. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ს. გ-ვი დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული დაზარალებულის მიერ ჯერ კიდევ ბინაში მისი ყოფნისას. მართალია, დაკავებულ ს. გ-ვს დაკავებისას უკვე ხელთ ჰქონდა დაზარალებულის კუთვნილი მოძრავი ნივთები, მაგრამ მას არ გააჩნდა მათი განკარგვის რეალური შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში «დაუფლების» ცნება არ შეიძლება განმარტებულ იქნეს მისი პირდაპირი ანუ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით. სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთისათვის ფიზიკურად ხელის ხლება ან კიდევ რაიმე სათავსოში ჩადება (მაგალითად, ფულის ან სხვა საგნის ჯიბეში ჩადება, ხელჩანთაში ჩადება, ავტომანქანის საბარგულში ანდა რაიმე სხვა სამალავში მოთავსება), თუ ნივთისათვის ადგილსამყოფლის სხვაგვარად შეცვლა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის დაუფლებას, თუკი ქურდი, მძარცველი და ა.შ. მოკლებულია საშუალებას, თავისი შეხედულებისა და ნების შესაბამისად, რეალურად განკარგოს ნივთი (გამოიყენოს ან სხვაგვარად მოეპყროს მას). მსგავს შემთხვევებში საქმე გვაქვს დანაშაულის მცდელობასთან და არა დამთავრებულ დანაშაულთან. ასეთივე ვითარებაა ს. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ, რის გამოც აღნიშნულ ქმედებას უნდა მიეცეს ქურდობის მცდელობის და არა დამთავრებული ქურდობის კვალიფიკაცია, ე.ი. კერძო ნაწილის შესაბამის მუხლებთან ერთად მითითებულ უნდა იქნეს, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლზე, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დანაშაულის მცდელობისათვის.

რაც შეეხება ს. გ-ის მიერ არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევითა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტს, იგი დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით და არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამავე დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006წ. 28 აპრილს შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ს. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი, რის გამოც იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევითა და ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობის ჩადენისათვის. გარდა ამისა, ს. გ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), უნდა შეიცვალოს, მაგრამ, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მხოლოდ შემდეგი მიმართებით: აღნიშნული ქმედება დამთავრებული დანაშაულიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს მცდელობაზე, ხოლო სხვა მხრივ იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებებით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის გაძლიერდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი.

ამავე დროს, მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის თაობაზე მსჯელობისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მთელ რიგ შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ოჯახური ვითარება _ იგი გაიზარდა უდედმამო ბავშვთა სახლში, ხოლო იმ პერიოდში, როცა მან დანაშაული ჩაიდინა, იყო უმუშევარი და იმყოფებოდა ეკონომიკურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რამაც მას უბიძგა ქონებრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. ამჟამად მას შექმნილი აქვს ოჯახი და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენილი თვითონ არის. ამასთან, მის მიერ ჩადენილი ქმედება შეწყდა მცდელობის სტადიაზე და ამ ქმედებით ფაქტობრივად ზიანი არ დამდგარა. ს. გ-ის პიროვნება არ ხასიათდება მყარი კრიმინალური მენტალიტეტით და იგი გამოთქვამს მზადყოფნას სასჯელის მოხდის შემდეგ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიუხედავად წარსული ნასამართლობისა, საკასაციო პალატას, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებლად მიაჩნია სასჯელის მიზნების მიღწევა შედარებით უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელის მეშვეობით, ვიდრე არის მსჯავრდებულ ს. გ-სათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს სათანადო ცვლილება მსჯავრდებულ ს. გ-ის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) განსაზღვრული ბრალდება, როგორც უსაფუძვლოდ შერაცხული. მსჯავრდებულ ს. გ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით.

მსჯავრდებულ ს. გ-ვს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით შეუმცირდეს 1 წლითა და 6 თვით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

განაჩენის სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.