დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
66-კოლ 21 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე
განიხილა მსჯავრდებულ პ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით:
პ. რ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებითა და 109-ე მუხლის «თ» პუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
დ. მ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებითა და 109-ე მუხლის «თ» პუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
მ. მ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებითა და 109-ე მუხლის «თ» პუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენით:
პ. რ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ» პუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე «თ» პუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. მ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის «თ» პუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს _ დ. და მ. მ-ებს განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
განაჩენით პ. რ-ლს, დ. მ-სა და მ. მ-ლს ბოლო ორი წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდათ თანასოფლელ ვ. ნ-სა და მისი შვილების: ვ. და გ. ნ-ების ოჯახებთან. იყო შემთხვევები, როდესაც მათი უთანხმოება ხშირად გადაზრდილა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულით განაწყენებულებმა განიზრახეს გ. ნ-ის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2004 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, მივიდნენ სოფ. ---, ფერმებთან, სადაც იმყოფებოდა გ. ნ-ლი. ისინი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით. დ. მ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დანაშაულის ჩადენის უშუალო ამსრულებლობით, გ. ნ-ლს მიაყენა ჭრილობა ზურგის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა მიწაზე. აღნიშნულის შემდეგ დანაშაულის ჩადენის თანაამსრულებლებმა _ მ. მ-მა და პ. რ-მა დ. მ-ლს მოუწოდეს მეორედაც ესროლა გ. ნ-სათვის, რათა აუცილებლად დამდგარიყო მისი სიკვდილი. ამ მიზნით, დ. მ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ. ნ-ლს მიაყენა ჭრილობები მარცხენა საფეთქლისა და შუბლის ძვლების მოტეხილობით, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ამასთან, დ. და მ. მ-ები თავიანთ საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ «რგდ»-ს ტიპის ხელყუმბარას, თავისივე ფალიასთან ერთად. მსჯავრდებულ პ. რ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ს-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, პ. რ-ის მიმართ საქმის შეწყვეტასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, მას არავითარი სისხლისსამართლებრივი ქმედება არა აქვს ჩადენილი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ პ. რ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ პ. რ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა _ ფ. კ-ამ და ვ. კ-ემ იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა ვ. ნ-ლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი _ დაუკმაყოფილებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და პ. რ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.
პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ნ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ ნ. ნ-ის, ვ. თ-ის, გ. შ-ის, ლ. ვ-ის, რ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბიოლოგიური, ნიადაგმცოდნეობის, ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით პ. რ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, კერძოდ:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ნ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ მ-ებსა და მის ოჯახს წლების მანძილზე ჰქონდათ კონფლიქტი. 2004 წლის 14 აგვისტოს, დილით, იმ დროს, როდესაც ის იმყოფებოდა ფერმაში, სადაც ასევე უნდა მისულიყო მისი შვილი გ. ნ-ლი, რამდენიმე წუთში გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღის ხმა, მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ 40-45 მეტრის მოშორებით გ. ნ-ლს თავზე ადგნენ მ. და დ. მ-ები და პ. რ-ლი. დ. მ-ლს ხელში ეჭირა გადაჭრილი თოფი. დ.ს მ.ი და პ. უყვიროდნენ: «კიდევ ესროლე, მაგისი დედაო». დ.მაც კვლავ გაისროლა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ, დ.ი _ კომბოსტოების ბაღის მხარეს, ხოლო დანარჩენები ტბის მხარეს. თვითონ გადახტა ფანჯრიდან და მივიდა შვილთან, რომელიც წაქცეული იყო და ფართხალებდა. იგი წავიდა სახლში მოკლე გზით მანქანის მოსაყვანად, რათა შვილისთვის როგორმე ეშველა. სახლში მისულმა აიღო «მაკაროვის» სისტემის პისტოლეტი შურისძიების მიზნით. ამ დროს მასთან მივიდნენ დ. და მ. მ-ები, რომლებმაც უამბეს გ. ნ-ის მკვლელობის შესახებ. მან არ შეიმჩნია, რომ ყველაფერი იცოდა. ისინი ერთად წავიდნენ მანქანით შემთხვევის ადგილზე. გ. ნ-ლი უკვე მკვდარი იყო. მან ყველას გასაგონად თქვა, რომ შვილი მოუკლეს «ს-სა» და «კ-ოს» ბიჭებმა, კვალიც აჩვენა პოლიციელებს და მკვლელობის დეტალებზეც უამბო. აღნიშნულის შემდეგ იგი მივიდა მ-ებისა და პ. რ-ის ოჯახებში, მაგრამ ისინი არ დახვდნენ სახლში. მკვლელობის შემდეგ იყო ზეწოლა მსჯავრდებულთა ოჯახების მხრიდან, სატელეფონო ზარები მუქარით, რომ გადაეთქვა ჩვენებები სასამართლო პროცესზე. უცნობმა პირებმა რამდენჯერმე ჯერ ავტომატური იარაღით, შემდეგ _ ხელყუმბარით დააზიანეს მათი საცხოვრებელი სახლი, ასევე _ საფლავის ქვები.
საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის განაჩენს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ნ-ის ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ ვ. ნ-ის მეუღლის _ ნ. ნ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ მას მეუღლემ _ ვ. ნ-მა უამბო, თუ როგორ მოკლეს მათი შვილი დ. და მ. მ-ებმა და პ. რ-მა. ის ვ. ნ-ლი, მკვლელობის დღეს შურისძიების მიზნით დაეძებდა სოფელში შვილის მკვლელებს.
მოწმეების _ ვ. თ-ის, გ. შ-ის, ლ. ვ-ის, რ. ბ-ის, გ. დ-ის, თ. ბ-ის, ა. ც-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ ვ. ნ-მა უთხრა, რომ დ. და მ. მ-ებმა და პ. რ-მა მას მოუკლეს შვილი, აგრეთვე ის, რომ თვითონ შეესწრო შვილის მკვლელობის ფაქტს. მკვლელობის შემდეგ ის იმყოფებოდა ძმები მ-ებისა და პ. რ-ის ოჯახებში, თუმცა სახლში ვერც ერთი ვერ ნახა. ვ. ნ-ლი უთითებდა შემთხვევის ადგილიდან ქვევით, ტბის მხარეს და იძახდა, რომ მკვლელები წავიდნენ იმ მიმართულებით. ტბასთან და კომბოსტოს ბაღში მართლაც იყო ნაკვალევი, კერძოდ, ერთ-ერთი მამაკაცის ფეხსაცმლის კვალი გამოყოფილი ქუსლით. როდესაც შემთხვევის ადგილზე მიდიოდნენ, გორისაკენ მიმავალ ა/მანქანაში მათ დაინახეს მ. მ-ლი და გ. პ-ლი. იქიდან მობრუნებულებს კი, დაახლოებით ნახევარ საათში მ. მ-ლი დახვდათ სახლში.
ასევე დ. მ-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ვ. ნ-ლი შემთხვევის ადგილზე ამბობდა, რომ დ. და მ. მ-ებმა და პ. რ-მა მას მოუკლეს შვილი.
ი. ჯ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2004 წლის 14 აგვისტოს, დილით, ის იმყოფებოდა სახლში. მანქანის ხმაზე გაიხედა გარეთ და დაინახა, რომ ვ. ნ-ლი «ასიგნალებდა» მ-ების სახლთან. ვ. ნ-მა უთხრა, რომ შვილი მოუკლეს, მის მანქანაში იჯდა ჯ. ს-ლი, თვითონაც ჩაუჯდა მათ, შემდეგ შეიარეს პ. რ-ის სახლში, მაგრამ იგი სახლში არ დახვდათ. შემთხვევის ადგილზე მანქანიდან გადმოსული ვახტანგი ხალხში ყვიროდა, რომ ძმებმა მ-ებმა და პ. რ-მა მოუკლეს შვილი.
მოწმე ყ. მ-ის ჩვენებით მისი სახლის წინ ავტობუსს აკეთებდა გ. რ-ლი. დაახლოებით 8.30 საათზე იქ მივიდა პ. რ-ლი. 9.00 საათზე წავიდა სახლში საინფორმაციო გადაცემის სანახავად, დაბრუნდა 20 წუთში, პ. რ-ლი იქ აღარ დახვდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. ნ-ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: ცეცხლნასროლი, საფანტით მიყენებული ჭრილობები გულმკერდისა და თავის არეში, ფილტვებისა და თავის ტვინის ტლანქი დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოსროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გ. ნ-ის სიკვდილის მიზეზია თავის ქალას ტლანქი დაზიანება, განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნით, გ. ნ-ის გვამიდან ამოღებული ერთი ცალი საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულულ ¹-- ფინდიხს, განკუთვნილს გლუვლულიანი იარაღების ვაზნებისათვის; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წრიული ფორმის მუყაოს საგანი წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ მუყაოს საფენს, რომელიც გამოიყენება 16-კალიბრიანი გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების დამუხტვისათვის.
ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გ. ნ-ლს მაისურზე აღენიშნება 7 დაზიანება, რომლებიც, თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (გლუვლულიანი სანადირო თოფი) მეტალის ტყვიის შემცველი ჭურვების (მსხვილი საფანტი _ კარტეჩი) გასროლის შედეგად და წარმოადგენენ შესავალ ხვრელებს. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში.
ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიადაგისა და მ. და დ. მ-ების ბინიდან ამოღებულ ფეხსაცმელებზე არსებულ ნიადაგის დანაშრევებს აქვთ საერთო გვარობრივი და ჯგუფური კუთვნილების ნიშნები. დართული ცხრილით: ¹--,--,-- _ ანუ ¹1 «ბ-სებიდან», ¹-- ფეხსაცმლიდან და ¹-- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გამოსაკვლევი ობიექტები არის იდენტური, მოყავისფრო-მორუხო, ხოლო ¹-- და ¹-- _ მორუხო.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ქმედებას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენი პ. რ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ დ. და მ. მ-ებს, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულების მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მათ მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.