შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 644-აპ 20 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 13 აპრილის განაჩენით შ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2005წ. 22 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, შ. გ-ლი იმყოფებოდა ქ. თბილისში, --- ქუჩაზე და აპირებდა რუსთავში გამგზავრებას, რა დროსაც აღნიშნულ ქუჩაზე გამოიარა „აუდის» მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა საფრანგეთის მოქალაქე ბ. მ-ჟე. შ. გ-მა მას ხელით ანიშნა გაჩერებულიყო, ხოლო როდესაც ბ. მ-ემ გააჩერა ავტომანქანა, ამ უკანასკნელს რუსულ ენაზე სთხოვა დამგზავრება, რაზედაც ბ. მ-ჟე დასთანხმდა. როდესაც შ. გ-ლი დაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელში, მან შენიშნა ბ. მ-ეს კუთვნილი „ნოკია-2100» ფირმის მობილური ტელეფონი. ისინი გაემგზავრნენ ფონიჭალის მიმართულებით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, როდესაც მიუახლოვდნენ ფონიჭალის --- შენობას, შ. გ-მა სთხოვა ბ. მუჟეს ავტომანქანის გაჩერება, რა დროსაც განიზრახა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონის ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ავტომანქანიდან გადასვლის მომენტში დაეუფლა ბ. მ-ეს კუთვნილ, 150 ლარად ღირებულ „ნოკია-2100» ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რითიც ბ. მ-ეს მიაყენა 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული დანაშაულისათვის შ. გ-ლს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეკისრა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა _ 1 წელი _ ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005წ. 21 დეკემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. გ-მა. მან სააპელაციო საჩივრით ითხოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლა და შ. გ-სათვის სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 13 აპრილის განაჩენი შ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. მ-ლი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; სასამართლოს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, შ. გ-ის მიმართ გამოეყენებინა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი გ. მ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის თავად მსჯავრდებულის ჩვენებებით, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შ. გ-მა ჩაიდინა ქურდობა, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა.
ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რადგან ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთების ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. გ-ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა 150 ლარის ოდენობის ზიანი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
რაც შეეხება შ. გ-სათვის დანიშნულ სასჯელს, იგი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ მიზნებს და არ უნდა ჩაითვალოს მეტისმეტად მსუბუქად და უსამართლოდ, კერძოდ:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ. გ-ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, 1984 წლიდან იმყოფება აღრიცხვაზე --- ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკაში, დაავადებულია ეპილეფსიით და არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, დაზარალებულს ზიანი სრულად აუნაზღაურდა. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ შ. გ-ლს სასჯელი უნდა განესაზღვროს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შ. გ-სათვის სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს მისი პიროვნების მახასიათებელ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, ასევე _ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამასთან, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება შ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის რეჟიმზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლის დღევანდელი რედაქციის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: შ. გ-ის ქმედება საქართველოს 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.