განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 46-დად 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ნ. ჯ-ას კერძო საკასაციო საჩივარი მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ე. წ-ას 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ხ. ჟ-სა და სხვათა მიმართ მათ ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
1999 წელს დაარსდა ინდივიდუალური საწარმო “---”, რომლის დირექტორია ნ. ჯ-ია. საწარმო კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია მარტვილის რაიონულ სასამართლოში და ფუნქციონირებს ფინანსთა სამინისტროს სათანადო ლიცენზიით. საწარმო ფუნქციონირებს მეანაბრეებთან დადებული ხელშეკრულებით შემოტანილი თანხების საფუძველზე.
1999წ. 9 თებერვალს ინდივიდუალურ საწარმო “---სა” და ხ. ჟ-ნს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ხ. ჟ-მა ინდივიდუალური საწარმო “---სგან” სესხად აიღო 1000 ამერიკული დოლარი სამი თვის ვადით _ 1999წ. 8 მაისამდე თვეში 16%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში ხ. ჟ-მა აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადა, მაგრამ შემდეგ, სხვადასხვა დროს, ჟ-მა ინდივიდუალურ საწარმოს გადაუხადა 2958 ამერიკული დოლარი. მიუხედავად ამისა, ნ. ჯ-ამ 2003წ. 3 აპრილს განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონის პროკურატურას. განცხადებაში ნ. ჯ-ია აღნიშნავდა, რომ ხ. ჟ-მა, მისმა მეუღლემ _ კ. ჟ-მა, მ. ბ-ემ, ი. კ-მა, წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად წაართვეს 1000 აშშ დოლარი, დროულად არ გადაუხადეს ძირითადი და პროცენტის ოდენობა, რითაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და ითხოვდა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ი. წ-ამ 2003წ. 22 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ხ. ჟ-სა და სხვათა მიმართ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
გამომძიებლის დადგენილება ნ. ჯ-ამ გაასაჩივრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში.
სასამართლომ საჩივარი განიხილა და 2004წ. 27 იანვრის დადგენილებით იგი არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ნ. ჯ-ია ითხოვს გამომძიებლისა და სასამართლოს დადგენილებების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის მიზნით მასალების პროკურატურისათვის გადაცემას.
ნ. ჯ-ია და მისი ადვოკატი ვ. წ-ია მხარს უჭერენ კერძო საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მარტვილის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა სასამართლოში საჩივრის განხილვა დაიწყო 2004წ. 26 იანვარს. სასამართლო პროცესზე ნ. ჯ-ამ განაცხადა, რომ ის ტოვებს სხდომის დარბაზს, რადგან სურს ჰყავდეს ადვოკატი, მისი განმარტებით ადვოკატს, რომელიც ამჟამად ადგილზე არ იმყოფება წარმოადგენს 27 იანვარს. გ. ბ-სა და ი. წ-ას განმარტებების მოსმენის შემდეგ შეწყვიტა სასამართლომ სხდომა და მისი განახლება დაადგინა 27 იანვარს.
27 იანვარს შემდგარ სხდომაზე სასამართლომ არ გამოარკვია ადვოკატის გამოუცხადებლობის მიზეზი, ხოლო ჯ-ამ იმ მოტივით, რომ სასამართლომ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, დატოვა სხდომის დარბაზი, სასამართლომ კი გააგრძელა სხდომა და მიიღო დადგენილება არაღძვრის დადგენილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მხარის უფლების არსებით დარღვევას, რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებელი საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 იანვრის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილება და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.