საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.06.2005
საქმის ნომერი
2კ-135აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 135-აპ 14 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე

განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განაჩენზე, რომლითაც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენში ე. ხა-ს მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენით ე. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ე. ხ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

ე. ხ. 2004 წლიდან მუშაობდა თბილისში, ... მდებარე პურის საცხობში მცხობლად. იცოდა, რომ საცხობის გვერდით განთავსებული იყო ლ. მ-ს კუთვნილი სასურსათო მაღაზია, მან გადაწყვიტა, ფარულად დაუფლებოდა მაღაზიაში არსებულ კვების პროდუქტებს და ფულს. 2004წ. ივლისის დასაწყისიდან 20 რიცხვის ჩათვლით ფარულად დაეუფლა 500 ლარის ღირებულების პროდუქტს, 2004წ. 21 ივლისს კვლავ შეაღწია ლ. მ-ს მაღაზიაში და ფარულად დაეუფლა 5-ლარიან კუპიურას, “კენტის” ფირმის 3 კოლოფ სიგარეტს, ღირებულს 9 ლარად, “მაგნას” ფირმის 3 კოლოფ სიგარეტს, ღირებულს 4,20 ლარად, “მმ”-ის ფირმის 5 კოლოფ სიგარეტს, ღირებულს 6,50 ლარად, “ჰედენდშოლდერსის” ფირმის ერთ ცალ შამპუნს, ღირებულს 4,50 ლარად, “თოლიას” ფირმის ერთ ცალ ნაყინს, ღირებულს 4 ლარად, 20 ცალ სნიკერსის და ტვიქსის ფირმის შოკოლადს, ღირებულს 4 ლარად. მეორე დღეს, როდესაც მივიდა საცხობში, დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო 1 ცალი 5-ლარიანი კუპიურა ¹24471441.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენში ე. ხ-ს მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, მას დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განაჩენის გაუქმებასა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. ა-მ შეცვალა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

მსჯავრდებულმა ე. ხ-მ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენილია ე. ხ-ს ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში. გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. ხ-სათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად ლმობიერია, საკასაციო პალატა არ იზიარებს.

სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ე. ხ-ს პირველად ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ზიანი ანაზღაურებულია და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს ავადმყოფი მშობლები, არის ოჯახის მარჩენალი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, ე. ხ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად მსუბუქად და უკანონოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განაჩენი ე. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.