განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 28.04.2005
საქმის ნომერი
2კ-11კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 11-კოლ 28 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ რ. მ-სა და დ. ბ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ბ- და რ. მ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ისეთი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებით, როგორიცაა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სასამართლომ თითოეულ მათგანს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრათ 1 წელი. განაჩენით მათვე 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენის მიხედვით, დ. ბ-სა და რ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2003წ. 14 იანვარს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს ქ. ქუთაისში, ... მდებარე, ბ. ჯს კუთვნილი მაღაზია, საიდანაც გაიტაცეს დაახლოებით 1700 ლარის ღირებულების სურსათი და სხვა ფასეულობა. 14 იანვარს, დილით, დაზარალებული ბ. ჯ. მივიდა ქ. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ¹1 განყოფილებაში და მომხდარის შესახებ ზეპირად განუცხადა ამავე განყოფილების უბნის ისნპექტორ დ. ბ-სა და სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორ რ. მ-ს, დახმარება სთხოვა მათ და შესთავაზა, რომ განცხადებასაც დაწერდა მომხდარის შესახებ. დ. ბ-მ და რ. მ-მა მიიჩნიეს, რომ დანაშაული შესაძლოა გაუხსნელი დარჩენილიყო და განიზრახეს სახელმწიფო აღრიცხვისთვის დაემალათ იგი. ამ მიზნით მათ დაარწმუნეს ბ. ჯ-, რომ მოპარული სურსათისა და ფასეულობების პოვნა განცხადების შეტანის გარეშე უფრო რეალური იყო. მართალია, დ. ბე და რ. მ- გაჰყვნენ დაზარალებულ ბ. ჯ-ს შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მათ მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, არ გამოუკითხავთ ფაქტის თვითმხილველი მოქალაქეები და არ შეუდგენიათ არავითარი წერილობითი დოკუმენტი. დაზარალებულ ბ. ჯ-ს მითითებით, იმ მოტივით, რომ წინა დღეებში მას ანგარიშსწორებით დაემუქრა აღნიშნულ უბანში მცხოვრები, ადრე ქურდობისათვის ნასამართლევი გ. კ-, მეტსახელად “კოდალა” და რომ მხოლოდ მისი აღნაგობის მამაკაცი შეიძლებოდა გადამძვრალიყო მაღაზიის ჭერში ბოროტმოქმედების მიერ გაკეთებულ მცირე ზომის ხვრელში, რ. მ-მა და დ. ბ-ემ შეაჩერეს და მანქანაში ჩაისვეს ქუჩაში მიმავალი გ. კ-. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებისას ამ უკანასკნელმა აღიარა ბ. ჯ-ს მაღაზიის გაქურდვა, დ. ბ-მ და რ. მ-მა იგი პოლიციის განყოფილებაში წარდგენის გარეშე, იქვე გაათავისუფლეს და დაახლოებით ერთ საათში დატოვეს შემთხვევის ადგილი. ამის შემდეგ დაზარალებული ბ. ჯ- პერიოდულად უკავშირდებოდა დ. ბ-ს და სთხოვდა დანაშაულის გახსნას, რა დროსაც იგი ჰპირდებოდა დამნაშავეების დაკავებასა და ნაქურდალი ნივთების დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, დ. ბ-მ და რ. მ-მა ბოროტად გამოიყენეს რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, პირადი უპირატესობის მისაღებად, კერძოდ იმ მიზნით, რომ არ გაუარესებოდათ მუშაობის მონაცემები _ სამოქმედო ტერიტორიაზე არ ჰქონოდათ გაუხსნელი დანაშაული, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო აღრიცხვისგან დამალეს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტი და არ მიიღეს კანონით გათვალისწინებული ზომები მის გასახსნელად, რამაც გამოიწვია დაზარალებულ ბ. ჯ-ს უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.

საბოლოოდ, დაზარალებული ბ. ჯ დარწმუნდა, რომ პოლიციელები ატყუებდნენ და დაკარგა მათი დახმარების იმედი, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ _ ც. ს-მ 2003წ. 17 იანვარს განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო პროკურატურას.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა _დ. ბ-მ და რ. მ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრებით ისინი ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენიათ.

პალატის სხდომაზე განხილვისას კასატორებმა _ დ. ბ-მ და რ. მ-მა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ლ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და რ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო მათ უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არ არის ჩატარებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამოკვლეული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო დ. ბ-სა და რ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება საკმარისი რაოდენობის სარწმუნო მტკიცებულებებს. თვით სასამართლო გამოძიების დროსაც კი ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩა. მაგალითად, დაზარალებული ჯ- სასამართლოში მიცემულ თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ის პირადად გამოცხადდა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და სამორიგეოში განუცხადა თანამშრომლებს მისი ჯიხურის გაქურდვის ფაქტის შესახებ, ხოლო იმ დროს სამორიგეოში დ. ბ და რ. მ იყვნენ თუ არა, არ იცის.

აქედან გამომდინარე, გასარკვევია, რატომ არ მოხდა დაზარალებულ ჯაჯაიას თუნდაც ზეპირი შეტყობინების რეგისტრაცია სამორიგეოში და ხელმძღვანელობისათვის შეტყობინება კანონით გათვალისწინებული ზომების მისაღებად. გასარკვევია: უშუალოდ ვისი დავალებით წავიდნენ დ. ბ და რ. მ- შემთხვევის ადგილზე; შემთხვევის ადგილზე პირველად გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომელთა ოპერატიულ ჯგუფში ვინ მონაწილეობდა, რა ზომები მიიღეს ამ უკანასკნელებმა მომხდარი დანაშაულის ფაქტთან მიმართებით და როგორი იყო ამ საქმესთან დაკავშირებით მათი სამსახურებრივი ურთიერთობა დ. ბ-სა და რ. მ-თან. ფაქტობრივად გაურკვეველია, როდის და ვინ შეიტანა სამორიგეო ჟურნალში დ. ბაღდავაძისა და რ. მ-ის მიერ წარდგენილი შეტყობინება “პრიმა” ნომრის აღნიშვნით. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულ ჯ-ს მეუღლემ, მოწმე ც. ს-მ განაცხადა, რომ მათი ჯიხურის გაქურდვის საქმეზე პოლიციის თანამშრომელი რ. მ- დარბოდა, რომელსაც ახლოს იცნობდა, მაგრამ აშკარა, მას ხელის განძრევის საშუალება არ მისცეს. გასარკვევია, რას გულისხმობდა მოწმე ასეთ განცხადებაში, ხომ არ იყორაიმე ისეთი გარემოება, რომელიც რ. მ-ს ხელს უშლიდა თავისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში. სასამართლოში პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილმა უფროსმა, მოწმე შ. რ-მ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, დანაშაულები იმალებოდა და ახლაც იმალებაო. მე მ-სა და ბ-ს ვაფრთხილებდი ამის შესახებ და ვავალებდი უკიდურეს შემთხვევაში ნივთები მაინც ჩაეწერათ, რადგან სადმე შეიძლება ჩხრეკის დროს ყოფილიყო აღმოჩენილიო. მოწმე შ. რ-ს განცხადებასთან დაკაშვირებით გასარკვევია, რას გულისხმობდა იგი თავის ნათქვამში, როცა აფრთხილებდა ბ-სა და მ-ს, რა იყო ასეთი გაფრთხილების საფუძველი და რა ფაქტთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს დ. ბ-ძისა და რ. მ-ს განცხადების რეალურობა იმის თაობაზე, რომ მათ მაშინვე ჩააყენეს საქმის კურსში პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი და უშუალოდ მისგან იღებდნენ მითითებებს შემდგომი მოქმედების თაობაზე.

პალატის აზრით, აქ აღნიშნული საკითხების გარკვევა მხოლოდ სასამართლო გამოძიების მეშვეობით ვერ მოხერხდება, ასევე ვერ მოხერხდება სხვა საკითხების დადგენა, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ დ. ბ-სა და რ. მ-ს ბრალეულობისა, თუ არაბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2004წ. 9 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე დ. ბ-სა და რ. მ-ს მიმართ დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და რ. მ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენი დ. ბ-სა და რ. მ-ს მსჯავრდების თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ხოლო დამატებითი გამოძიების ჩატარება დაევალოს სხვა გამომძიებელს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.