საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 147-აპ 17 იანვარი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა კ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 აპრილის განაჩენით კ. კ-დი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის კოდექსი) _ 8 წლით. სასჯელთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი 1999 წლის 25 მარტიდან განაჩენის გამოტანამდე _ 2 წელი და 17 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 11 აპრილიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ჭიათურის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: კ. კ-იდს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდა და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 ივლისის განაჩენით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 1 თებერვლის დადგენილებით შეტანილი ცვლილებით) სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. კ-იდს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ კ. კ-იდს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 25 მარტიდან.
დანარჩენ ნაწილში ჭიათურის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით კ. კ-დს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; აგრეთვე ქურდობისათვის, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცებისათვის, ჩადენილი განმეორებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის 22 მარტს კ. კ-იდმა ზ. ბ-ძესთან, კ. ი-ოვთან, დ. ც-ძესთან და აწ გარდაცვლილ ჯ. ც-ძესთან ერთად, მათთან წინასწარი შეთანხმებით, შეაღწია ჭიათურაში, ს. გ-შვილის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 40 აშშ დოლარად ღირებული ჩაის სერვიზი, 30 აშშ დოლარად ღირებული ყავის სერვიზი, 30 აშშ დოლარად ღირებული სამოვარი, 60 აშშ დოლარად ღირებული 12 ცალი თეფში, 20 აშშ დოლარად ღირებული 80 ცალი თეფში, 30 აშშ დოლარად ღირებული 6 ცალი ვერცხლის დანა-ჩანგალი, 40 აშშ დოლარად ღირებული 24 ცალი ვერცხლის დანა-ჩანგალი, 20 აშშ დოლარად ღირებული დურბინდი, 20 აშშ დოლარად ღირებული მამაკაცის სპორტული შარვალი, 100 აშშ დოლარად ღირებული მაგნიტოფონი, 20 აშშ დოლარად ღირებული ტელეფონი. სულ გაიტაცა 570 აშშ დოლარის ღირებულების ქონება.
1993 წლის ივლისში, რიცხვი დაუდგენელია, ღამის საათებში, მსჯავრდებული კ. კ-იდი აწ გარდაცვლილ ჯ. ც-ძესთან ერთად, მასთან წინასწარი შეთანხმებით, ქონების დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა ჭითურაში, 888 მცხოვრებ თ. მ-ძეს, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი და სცემეს. ერთობლივი ძალადობითა და მოკვლის მუქარით დაზარალებულ თ. მ-ძის ოჯახიდან გაიტაცეს ამ უკანასკნელისა და მისი ქალიშვილის (დაზარალებულის) ნ. მ-ძის ქონება: 440 აშშ დოლარად ღირებული 2 ცალი ვიდეომაგნიტოფონი “ჯივისი”, 150 ლარად ღირებული 6 კომპლექტი თეთრეული, 250 აშშ დოლარად ღირებული ქალის ქურქი, 450 აშშ დოლარად ღირებული ქალის სამი წყვილი ჩექმა, 120 აშშ დოლარად ღირებული ოქროს საყურე ზურმუხტისა და ბრილიანტების თვლებით, 80 აშშ დოლარად ღირებული ოქროს ბეჭედი ლალის წითელი თვლით, 240 ლარად ღირებული ქალის 4 წყვილი ფეხსაცმელი, 300 ლარად ღირებული მამაკაცის 2 წყვილი კოსტიუმი, 200 ლარი და 200 აშშ დოლარი, სულ გაიტაცა 1.090 აშშ დოლარისა და 1.640 ლარის მატერიალური ფასეულობა.
1993 წლის ზაფხულში, თვე და რიცხვი დაუდგენელია, მსჯავრდებულმა კ. კ-იდმა ზ. ბ-ძესთან და აწ გარდაცვლილ ჯ. ც-ძესთან ერთად, მათთან წინასწარი შეთანხმებით, შეაღწია ჭიათურაში, ... მცხოვრებ ლ. ტ-შვილის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 100 აშშ დოლარად ღირებული რადიო-მაგნიტოფონი “სანიო”, 40 აშშ დოლარად ღირებული 12 ცალი კოვზი და 150 აშშ დოლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 290 აშშ დოლარის ღირებულების მატერიალური ზიანი.
მსჯავრდებული კ. კ-იდი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალ განხილვას იმ მოტივით, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, წინასწარი გამოძიების დროს ბრალი აღიარა პოლიციის თანამშრომელთა თხოვნით, რის სანაცვლოდაც დაპირდნენ ნარკოტიკული საშუალებისა და ფულის გადაცემას. მართლაც, მას გამომძიებელმა მიუტანა ნარკოტიკული საშუალება და ფული _ 50 ლარი.
ადვოკატი მ. შ-შვილი ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ კ. კ-სგან აღიარებითი ჩვენებები მიღებულია პოლიციელთა ზეწოლის შედეგად, რის სანაცვლოდაც მას მისცეს ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, წინასწარი გამოძიების დროს კ. კ-იდმა დაასახლა თანამონაწილეები, რომელთა არსებობითაც არავინ დაინტერესებულა და არც არავინ დაუკითხავთ.
პროკურორი ე.ქ არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ კ. კ-ის საჩივრის მოტივს, თითქოს მან წინასწარი გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენებები მისცა პოლიციის მუშაკთა თხოვნით, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადსტურებული კ. კ-ის მონაწილეობა მისთვის შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებში. ამასთან, მსჯავრდებულმა კ. კ-მა დანაშაული აღიარა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროსაც. კერძოდ:
საქმის ჭიათურის რაიონულ სასამართლოში განხილვის დროს კ. კ-მა უჩვენა, რომ 1992 წლის 22 მარტს აწ გარდაცვლილ ჯ. ც-ძესთან, ზ. ბ-ძესთან, კ. ი-ოვთან და დ. ც-ძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, შეაღწია ქ.ჭიათურაში, ... მცხოვრებ ს. გ-შვილის ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა დასახელების ნივთი. მოპარული ნივთებიდან ჩაის სერვიზი მიყიდა ე. ფ-ძეს, ხოლო სხვა ნივთები _ უცნობ პირებს. 1993 წლის მაისის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ღამის საათებში, აწ გარდაცვლილ ჯ. ც-ძესთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.ჭიათურაში, ... მცხოვრებ თ. მ-ძის ოჯახს, ამ უკანასკნელს სცემეს, გაკოჭეს და მისი ოჯახიდან გაიტაცეს “ჯივისის” ფირმის ორი მაგნიტოფონი, კოსტიუმი და სხვა ნივთები, ზუსტად აღარ ახსოვს ყველა. აღნიშნული ნივთების რეალიზაცია მოახდინეს უცნობ პირებზე. 1993 წლის ზაფხულში აწ გარდაცვლილ ჯ. ც-ძესთან და ზ. ბ-ძესთან ერთად ღამის საათებში გაქურდა ქ.ჭაითურაში, ... მცხოვრებ ლ. ტ-შვილის ბინა, საიდანაც მოიპარეს მაგნიტოფონი, კოვზები და ფული _ 150 აშშ დოლარი, რაც ერთმანეთში გაინაწილეს.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლისა და ადვოკატის შეკითხვებზე კ. კ-იდმა განაცხადა, რომ ბრალის აღიარების შესახებ განცხადება კოლონიაში ნებაყოფლობით დაწერა, არავის ზეწოლა არ მოუხდენია. დაწერა ის, რაც სინამდვილე იყო.
საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმე მ. დ-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 1993 წლის გაზაფხულზე, თვე და რიცხვი არ ახსოვს, ქ.ჭიათურაში კ. კ-იდმა შესთავაზა საზღვარგარეთული წარმოების ვიდეომაგნიტოფონის შეძენა, რომელსაც ყიდდა ამ უკანასკნელის მეგობარი. იგი დათანხმდა კ. კ-იდს და აღნიშნულის შესახებ უთხრა მეუღლეს _ მ. კ-ძეს. მოლაპარაკებიდან მეორე თუ მესამე დღეს კ. კ-იდისგან ხელსაყრელ ფასში შეიძინა “ჯივისის” მარკის ვიდეომაგნიტოფონი დისტანციური მართვის პულტით. მაგნიტოფონს დაზიანებული ჰქონდა ღილაკი, რომელიც ხელოსანს შეაკეთებინა.
მ. დ-ძის მეუღლის _ მოწმე მ. კ-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 1993 წლის ზაფხულში მისმა მეუღლემ კ. კ-იდისგან ნამდვილად იყიდა “ჯივისის” მარკის ვიდეომაგნიტოფონი, რომელიც მან ნებაყოფლობით წარადგინა პოლიციაში, რადგან აღნიშნულ საქმეზე ახსნა-განმარტების მიცემისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მაგნიტოფონი გატაცებული იყო თ. მ-ძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს.
მოწმე ზ. ფ-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ ე. ფ-ძემ თურქეთში გამგზავრებამდე მას აჩუქა საშაქრე, რომელიც მის სახლში ამოიცნო დაზარალებულმა მ. ლ-იანმა.
კ. კ-იდის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებებით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით მთლიანადაა დადსტურებული კ. კ-იდის მონაწილეობა როგორც ყაჩაღობის, ისე ქურდობის ორივე ეპიზოდში და მისთვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს, ისე მის პიროვნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. კ-იდის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 აგვისტოს განაჩენი კ. კ-იდის მიმართ დარჩეს უცვლელად.