დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11კოლ 22 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც დ. კ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია) და ერთობლივად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 15 დეკემბრიდან.
დ. კ-ძე გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით, 238-ე მუხლის მესამე ნაწილით და 262-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით დ. კ-ძეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
1998 წლის გაზაფხულზე შეზღუდული პასუხისმგებლობა საზოგადოება “ელიზის” პრეზიდენტმა თ. ე-შვილმა, კომერციულ საქმიანობაში თავის კონკურენტებთან უპირატესობის მოსაპოვებლად, გადაწყვიტა შეექმნა ბანდიტური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის შეიარაღებული თავდასხმების გზით, მატერიალურ ზარალს მიაყენებდა შპს “ელიზის” კონკურენტ ფირმებს.
ბანდიტური ჯგუფის დაკომპლექტება და უშუალო ხელმძღვანელობა მან დაავალა თავის ნათესავს, შპს “ელიზის” თანამშრომელ გ. ბ-შვილს. ამ უკანასკნელმა 1996 წლის გაზაფხულზე, ბანდიტური ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნით, გააერთიანა თავისი ნაცნობები: ზ. ტ-შვილი, ნ. გ-ძე, ტ. ჭ-ძე, გ. ხ-ელი, გ. ქ-ია, შპს “ელიზის” თანამშრომლები: ტ. ა-ძე და ზ. ც-ძე. ისინი მოიპოვებდნენ თამბაქოს ნაწარმის შემოტანა-რეალიზაციის საქმეში შპს “ელიზის” კონკურენტის, აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის კომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციების, აფიქსირებდნენ მას ვიდეო და ფოტოფირებზე. გარდა ამისა, ¹ 37-38 ავტომატური სატელეფონო სადგურის კროსის უფროსი ელექტრომექანიკოსი ი. ტ-ძისათვის ყოველთვიურად ქრთამის მიცემის გზით ისმენდნენ აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლების სატელეფონო საუბრებს.
1996 წლის აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის მოსმენისას, გ. ბ-შვილისათვის ცნობილი გახდა, რომ ასოციაციის თანამშრომლებს ქ. თბილისიდან ქ. ბათუმის მიმართულებით ავტომანქანით უნდა გადაეტანათ ასოციაციის კუთვნილი თანხა დიდი რაოდენობით. მიღებული ინფორმაცია მან გადასცა თ. ე-შვილს, რომელმაც გადაწყვიტა თავდასხმის განხორციელება თანხების გასატაცებლად.
ბანდიტური ჯგუფის შემადგენლობაში შეიარაღებული პირების ჩაბმა და თავდასხმის უშუალო ხელმძღვანელობა მან დაავალა გ. ბ-შვილს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ დაუკავშირდა თავის ნაცნობს, შსს სამინისტროს მუშაკ გ. დ-იანს, რომლებიც ბანდიტურ ჯგუფში ჩააბა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მუშაკი ზ. ნ-ძე, შს სამინისტროს მუშაკი ნ. ხ-შვილი და ქ. თბილისში, ... მცხოვრები დ. კ-ძე.
ამრიგად, 1996 წლის აგვისტოში დ. კ-ძე გაერთიანდა თ. ე-შვილის და გ. ბ-შვილის მიერ აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის კუთვნილი თანხების შეიარაღებული თავდასხმის გზით გატაცების მიზნით ჩამოყალიბებულ ბანდიტურ ჯგუფში.
1996 წლის 5 სექტემბერს, დილით, გ. ბ-შვილისაგან ინფორმაციის მიღების საფუძველზე, ბანდის წევრები: დ. კ-ძე, ნ. ხ-შვილი, გ. დ-იანი და ზ. ნ-ძე, ამ უკანასკნელის კუთვნილი “გაზ-24” მარკის ავტომანქანით ქარელის რაიონის სოფლების საღოლაშენი-აგარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე თავს დაესხნენ “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანას, რა დროსაც მოქალაქეებს: მ. კ-ძეს და მ. ხ-ავას ცეცხლსასროლი იარაღების და პისტოლეტების მუქარით წაართვეს აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის კუთვნილი თანხა _ 364 350 აშშ დოლარი, ხოლო ამავე ავტომანქანაში საბურთალოს რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის მუშაკ მ. ს-შვილს წაართვეს მაკაროვის სისტემის ტაბელური პისტოლეტი და პოლიციელის მოწმობა. თავდასხმის განხორციელების შემდეგ, იმავე დღეს გატაცებული თანხიდან გ. ბ-შვილს გადასცეს 110 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დ. კ-ძემ, გ. დ-იანმა, ნ. ხ-შვილმა და ზ. ნ-ძემ ერთმანეთში გაინაწილეს.
1996 წლის 23 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹ 490 ბრძანებით დ. კ-ძე მივლინებულ იქნა დასავლეთ საქართველოში ხუთი დღის ვადით, ამავე სამხედრო ნაწილიდან თვითდათხოვნაში მყოფი ჯარისკაცების სამხედრო ნაწილში დასაბრუნებლად.
1997 წლის 8 დეკემბერს ზემდეგი დ. კ-ძე გამოძახებულ იქნა სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ, მაგრამ სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში.
დ. კ-ძემ დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 0,53 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”, რასაც გასაღების მიზნის გარეშე ინახავდა.
მანვე დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა “ტტ” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 40 საბრძოლო ვაზნით და ერთი ცალი “ნაგანის” სისტემის რევოლვერი ვაზნით, რომელსაც სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა. იარაღები მისგან ამოღებულ იქნა 1999 წლის 15 დეკემბერს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ბანდიტურ ჯგუფში, სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობდა ქ. თბილისში, კავთისხევის ქუჩაზე მცხოვრები კიდევ ერთი პირი. დადგენილია, რომ კავთისხევის ქუჩაზე მცხოვრები პირი და ბანდიტური ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო დ. კ-ძე.
სასამართლო კოლეგიამ, ასევე, დაუსაბუთებლად გაამართლა დ. კ-ძე დეზერტირობის ჩადენის ფაქტზე დადგენილია, რომ 1997 წლის 8 დეკემბრიდან მან მიატოვა სამხედრო ნაწილი და აღარ გამოცხადებულა, ხოლო ის გარემოება, რომ დ. კ-ძე 1998 წლის აგვისტომდე სამხედრო ნაწილიდან იღებდა ხელფასს, მისი გამართლების საფუძველი არ უნდა ყოფილიყო, რადგან თავდაცვის სამინისტროდან არ იყო მიღებული ბრძანება მისი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ღ-შვილმა ცვლილებით დაუჭირა მხარი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, იშუამდგომლა განაჩენის სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში გაუქმების თაობაზე და საქმის ამ ეპიზოდში ხელახალი განხილვისათვის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ, სხვა ნაწილში კი ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ლ-იამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიამ სავსებით სამართლიანად მიიჩნია დადგენილად მსჯავრდებულ დ. კ-ძის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი. დ. კ-ძე ამ ბრალდების ეპიზოდებში კანონიერადაა მსჯავრდებული.
რაც შეეხება დ. კ-ძის ბანდიტურ ჯგუფში მონაწილეობის ფაქტს, ასეთი წინასწარი გარიგებისა და სასამართლო განხილვისას არ ყოფილა დადასტურებული, რაც საფუძველი გახდა მისი გამართლებისა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელად მიჩნეული თ. ე-შვილი გამართლებულია თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით, რაზედაც სათანადო მსჯელობაც არის დ. კ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენშიც. სხვა რაიმე დამამტკიცებელი საბუთი დ. კ-ძის მიერ ბანდიტურ დაჯგუფებაში მონაწილეობის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება.
პალატა თვლის, რომ დ. კ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი კანონიერია და არარსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე,568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დ. კ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.