დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.02.2013
საქმის ნომერი
2კ-156-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1561-13 28 თებერვალი, 2013 წელი

შ-ი გ., 1561-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. გ-ის

ადვოკატ – მ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ გ. შ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 ოქტომბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №12 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონული სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. შ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან, არ არის ნასამართლევი, რის გამოც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. შ-ისთვის სსკ-ის 153-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, რადგან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლთან, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება გ. შ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნულ სასჯელზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. შ-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა – შეესაბამება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე