დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.03.2013
საქმის ნომერი
2კ-767-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7671-13 22 მარტი, 2013 წელი

ნ-ი ზ, 7671-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - თ. პ-ს

ადვოკატ - გ. ნ-ს

მსჯავრდებულ - ზ. ნ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის მე-17,104–ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით – 17 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, მე-17,104–ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებით – 20 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 135-ე მუხლით - 1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, 214-ე მუხლით – 1 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ზ. ნ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა: ზ. ნ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით დანიშნული სასჯელები; ამასთან, საბოლოო სასჯელად განსაზღვრული უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ვადის ათვლა დარჩა უცვლელად.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებითა და მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლითა და 9 თვით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, 135-ე მუხლით – 9 თვით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 თვით, 214-ე მუხლით – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები 9 თვის ვადით. ზ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით დანიშნული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ნ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას, კერძოდ: უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი სასჯელით და აღნიშნული სასჯელის უკუქმედების ძალის გამოყენებით ერთი მეოთხედით შემცირება, ან მხედველობაში იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ უვადო პატიმრობის სასჯელი არის ერთადერთი სასჯელის სახე და ზომა, რომლისგანაც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება შესაძლებელია კონკრეტულად ფიქსირებული ვადის (25 წლის) მოხდის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეალური ან პირობითი სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების პრინციპი უნდა გავრცელდეს აღნიშნულ ტარიფულ ვადაზე (25 წელზე) და უვადო პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ სასჯელის 18 წლისა და 9 თვის მოხდის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, რომლის თანახმადაც, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის მომზადება ან/და მცდელობა.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ზ. ნ-ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო არ არის მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი იმსჯელოს ამ საკითხზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე