დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1120-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№11201-13 5 აპრილი, 2013 წელი

მ-ი გ., 11201-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. გ-ის

მსჯავრდებულ _ გ. მ-ის

ადვოკატ – თ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. მ-ის განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 არილიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეცვალოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთით და ამის შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით. მას უკვე მოხდილი აქვს 15 წელი. მსჯავრდებული ასევე ითხოვს მისი საქმის ხელახალ, არსებით განხილვას, რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ასევე ითხოვს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება რეალურად შედეგზე ვერ აისახება, მსჯავრდებულ გ. მ-ისთვის საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული – უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და შემდგომ შემცირდეს ერთი მეოთხედით, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ საკითხზე.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას განაჩენით უკანონოდ დაედო მსჯავრი, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. მ-ს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე