დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1322-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13221-13 17 აპრილი, 2013 წელი

ს-ე რ., 13221-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

ადვოკატ – ნ. მ-ის

თარჯიმან – ქ. ა-ას

მსჯავრდებულ _ რ. ს-ეს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ეს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით რ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა არაერთგზის) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა გადაევადა გამოჯანმრთელებამდე; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2003 წლის 22 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი რ. ს-ეს მიმართ მიექცა აღსასრულებლად და სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 აგვისტოდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2003 წლის 22 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განაჩენით რ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება არაერთგზის, ჯგუფურად), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 6 თვე, 25 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 მაისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ს-ეს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს-ეს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა, შესაბამისად, 3 წლით და 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დროის (1 წელი, 5 თვე და 5 დღე) გათვალისწინებით, რ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2003 წლის 22 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მას არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება და ადრე ნასამართლევია მხოლოდ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. ს-ესთვის მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, ვინაიდან მისი ქმედება გასაღების ნიშნით კვალიფიცირდება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ, პალატა აღნიშნავს, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით. ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდებისას რ. ს-ე ნასამართლევი იყო საქართველოს 1960 წელს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 252-ე მუხლით. ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, რ. ს-ეს მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია) არ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ს-ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე