განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13501-13 16 აპრილი, 2013 წელი
ტ-ე ტ., 13501-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ ტ. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. ტ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით ტ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 იანვრიდან.
2013 წლის 23 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ტ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ტ. ტ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით პირობითი მსჯავრი, 4 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ტ. ტ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ორივე დაზარალებულის უფლებამონაცვლე თანახმაა, მის მიმართ სრულად გავრცელდეს ამნისტიის კანონი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ტ. ტ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ვინაიდან, მართალია, მის მიერ ჩადენილ გაუფრთხილებლობით დანაშაულს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაგრამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულების უფლებამონცვლეების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომ ისინი თანახმა არიან, მსჯავრდებულ ტ. ტ-ეზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ. ტ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ტ. ტ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე